სოფელ აღმამედლოში ქალთა კლუბი გაიხსნა

946

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში, მუნიციპალური პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ჩართულობით გაიხსნა ქალთა კლუბი.

პროექტის მიზანია თემში მცხოვრები ქალების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა, ქალთა მონაწილეობის წასახალისება სათემო და მუნიციპალურ დონეებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება. აღნიშნული სივრცე, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ შეხვედრების მოსაწყობად, ახალი პროექტების დაგეგმვისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობების განსახორციელებლად. აღსანიშნავია, რომ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ქალთა კლუბის პროექტი, აღმამედლოში მცხოვრებმა აქტიურმა ქალბატონმა ნარგიზა მამედოვამ წარმოადგინა, რომელიც მოქალაქეების ერთობლივი გადაწყვეტილებით შეირჩა და განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 200 ლარი გამოიყო. აღნიშნული სივრცე განთავსებულია სოფლის კულტურის სახლში, სადაც გარდა ქალთა კლუბისთვის განკუთვნილი ფართისა, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, კაპიტალურად გარემონტდა შენობაში არსებული სხვა ოთახები და შეიცვალა სახურავი, რისთვისაც ჯამში დაიხარჯა 66 750 ლარი. გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი, გამგებლის მოადგილე აკიფ ალიევი, თვითმმართველობის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. დღესვე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი აღმამედლოს მოსახლებასაც შეხვდა. გამგებელმა პირადად მოისმინა მოსახლეობის პრობლემები და გამგეობის კომპტენეციის ფარგლებში მოგვარებას დაჰპირდა.

წყარო: მარნეულის ტელევიზია