ბათუმის ბულვარში მაწანწალა ძაღლები დაიჭირეს, სტერილიზებული და სპეციალური ნიშნის მქონე ცხოველები შემდეგ ქალაქის გარეუბნებში გაუშვეს. კომპანია “სევერში” განმარტეს, რომ ცხოველები ბულვარში ტურისტებს საფრთხეს უქმნიდა, გარდა ამისა ისინი ყვავილებს აზიანებდნენ. ამასთან, ორგანიზაციაში დასძენენ, რომდავალება ბათუმის მერიაში გამართულ თათბირზე მიიღეს, თუმცა არ აკონკრეტებენ ვისგან. ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.
ცხოველთა დაცვის ფედერაციაში ამბობენ, რომ “სევერისთვის” მიცემული დავალება რამდენიმე დღის წინ მომხდარ ამბავს უკავშირდება.
მტკიცებულება არ აქვთ, თუმცა ფედერაციაში ირწმუნებიან, რომ ბათუმის მერი რამდენიმე დღის წინ მაწანწალა ძაღლმა დაკბინა, რის გამოც ბულვარიდან ძაღლების გაყვანა ლაშა კომახიძემ დაავალა.
ამ ინფორმაციას თავად ბათუმის მერი არ ადასტურებს და ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს. იყო თუ არა ბათუმის მერის სამედიცინო დაწესებულებაში ჩვენთვის უცნობი დარჩა, ტელეკომპანია რამდენიმე კლინიკის წარმომადგენელს ესაუბრა. მათ განმარტეს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.