ქუთაისის მე-17 ბაგა-ბაღში, ქვეწარმავლების გამო, სასწავლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო

811

გუშინ ქუთაისის მე -17 ბაღში ქვეწარმავალი იპოვეს, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ქვეწარმავლების აღმოჩენის და ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოების დაწყების შემდეგ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს. დავით წიტაიშვილის თქმით, სასწავლო პროცესის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

„ბავშვების უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ საფრთხემ ჩაიარა, მანამდე სასწავლო პროცესი შეწყვეტილი იქნება“, – აცხადებს წიტაიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ქვეწარმავალი იმავე ბაღში რამდენიმე დღის წინაც შენიშნეს. მაშინაც შეიწამლა ტერიტორია და სწავლა შეწყდა. სასწავლო პროცესი ბაღში გუშინ დილით აღდგა, თუმცა, მოგვიანებით იძულებულნი გახდნენ, ისევ შეეწყვიტათ.

მე-17 ბაღის მახლობლად გველების შემოსევას მდინარე ოღასკურაზე მიმდინარე კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს უკავშირებენ. სპეციალისტების თქმით, მდინარის ქვეწარმავლები ამ დროს აქტიურდებიან.

საბავშვო ბაღის ეზოში რამდენიმე ქვეწარმავალი სასწავლო დღის ბოლოს შენიშნეს.