ახალციხის ხელოვნური ტბა ახალ სეზონს ისევ ჩაბნელებული შადრევნებით შეხვდა. დაკეტილია ტუალეტიც, ასევე, დაზიანებულია ფილების ნაწილი და წყალში შეჭრილი ხის სცენაც. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ა(ა)იპ „ახალციხის წყალმომარაგებისა და წყალანირების“ ხელმძღვანელი ჯემალ გიორგაძე ამბობს, რომ ტბაზე ვიზიტორების რაოდენობის გაზრდამდე, ყველა პრობლემა მოგვარდება.
რაც შეეხება გათიშულ შადრევნებს გიორგაძის თქმით, თბილისიდან უკვე ჩამოიყვანეს ის სპეციალისტი, რომელმაც 2012 წელს ამ შადრევნების პროექტი გააკეთა: „ახლა ის ადგენს ხარჯთაღრიცხვას და ამის შემდეგ ტენდერი გამოცხადდება“.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში კიდევ ერთი ტენდერი, ხელოვნურ ტბაზე წყალში შეჭრილი ხის სცენის მოსაწყობად გამოცხადდება: „მალე გადავალთ ტბაზე აშენებულ ადმინისტრაციულ შენობაშიც. აქ მხოლოდ ინვენტარი დაგვრჩა შესატანი. ასევე, გავაკეთებთ ტბის გარშემო ამოყრილ ფილებსაც“.
ახალციხის ხელოვნურ ტბაზე დასაქმებული შვიდი თანამშრომელია. ააიპ „ახალციხის ტბისა“ და მელიორაციის სამსახურის გაერთიანების შემდეგ ტბის ბიუჯეტი 233 000 ლარია.