ენერგიის დამზოგავი პირველი ველოსიპედი საქართველოში ქუთაისში, მოსწავლე – ახალგაზრდობის პარკში დაიდგა. ველოსიპედების მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ერთი მხრივ, გამოიმუშავოს ენერგია და, მეორე მხრივ, დამუხტოს ანდროიდის სისტემის მობილური ტელეფონები და გაჯეტები.
იდეის ავტორი და განმხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგია”.
ენერგიის დამზოგავი ველოსიპედები RICDOG-მა პროექტის “Сharging Eco Space”-ის ფარგლებში დაამონტაჟა. აღნიშნული პროექტის მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც თემს შესაძლებლობა ექნება გამოხატოს თავისი მოსაზრებები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. პარკში განთავსებულ ველოსიპედების სკვერს სიმბოლურად Charging Eco Space (ჩარჯინგ ეკო სფეის) ეწოდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს მოეწყობა სხვადასხვა აქტივობები ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.
პროექტი “Сharging Eco Space” 350.org-ისა და გლობალური მწვანე გრანტების ფონდის მხარდაჭერით RICDOG-ის მიერ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ხორციელდება.