ევროკავშირის პროექტის ფარგლებში თბილისის მერიის მუშაობის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა

1096

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საჯარო ადმინისტრაციის მონიტორინგის პროცესში – თბილისის მერია’’ კვლევის შედეგები გამოქვეყნდა.

2017 წლის ანგარიშების მიხედვით, თბილისის მერიას შეისწავლიდნენ სამი ძირითადი მიმართულებით : გარემოს დაცვა, გენდერი და ახალგაზრდობა.

პროექტი ასევე ითვალისწინებდა თბილისის მუნიციპალიტეტის ელექტრონული მმართველობის ეფექტიანობის შემოწმებას, ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის დადგენას და საჯარო პირების პერფორმანსის შეფასებას.

ანგარიშის თანახმად, 2017 წლის ბიუჯეტში „ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების და გაუმჯობესების“ პროგრამაზე გამოყოფილი ბიუჯეტი – 71,492,900, ხოლო „კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის“ მიმართულებით გამოყოფილი თანხა – 28,178,700 ლარს შეადგენდა.  მიუხედავად 2017 წელს გამწვანების ქვე-პროგრამაზე გაზრდილი ბიუჯეტისა, 2016 წელს, ორივე მიმართულება უფრო მეტად იყო დაფინანსებული: „ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება“ – 77,975,500 ლარი; „კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა“ – 32,238,400 ლარი.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულია 851 მამაკაცი და 417 ქალი, ხოლო შვებულებით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, სარგებლობს 10 თანამშრომელი. (ქალი თანამშრომლების რაოდენობა შეადგენს სრული პერსონალის 32,9%-ს).

კვლევის თანახმად, გენდერული თანასწორობის პრინციპი ნაკლებად არის გათვალიწინებული თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალ თანამდებობებზე. მაგალითად, თბილისის ვიცე-მერი, 4-დან-2 მერის მოადგილე, მერიის ადმინისტრაციის უფროსი, 11-დან – 10 საქალაქო სამსახურის უფროსი, 10- დან – 9 გამგებელი სწორედ რომ მამაკაცია.

უფრო ვრცლად კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.