თბილისიდან მესტიამდე მანძილი 105 კილომეტრით შემცირდება

8714

საერთაშორისო საინჟინრო კომპანიამ „Institute IGH” ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზისა და გვირაბის პროექტის სამუშაო ვერსია საავტომობილო გზების დეპარტამეტს უკვე ჩააბარა. მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით საბოლოო პროექტი დამკვეთს მაისის ბოლომდე ჩაბარდება. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

 ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი ახალი გზა ერთმანეთთან დააკავშირებს ლენტეხი-ცაგერისა და ზუგდიდი-მესტიის უკვე არსებულ საავტომობილო გზებს, რაც იმას ნიშნავს რომ ქუთაისიდან ცაგერისა და ლენტეხის გავლით მესტიაში მოხვედრა სამ საათში იქნება შესაძლებელი. თბილისიდან მესტიამდე მანძილი 105 კილომეტრით, მგზავრობის დრო კი 2,5 საათით შემცირდება.

პროექტის მიხედვით, ლენტეხი-მესტიის ახალი 47,7 კმ-იანი საავტომობილო გზის საფარი ასფალტი/ბეტონი იქნება, დაგეგმილია 15 ახალი ხიდის, 27,7 კმ სიგრძის ახალი გზისა და საქართველოში სიგრძით ყველაზე გრძელი, 9,03 კმ-ის სიგრძის, საავტობომილო გვირაბის    მშენებლობა, ხოლო ლეშგუანიდან მესტიამდე არსებული 11 კმ-იანი გზის მონაკვეთის პარამეტრების გაუმჯობესება.