ქუთაისის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საპირფარეშოდ არის ქცეული

1649

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა, საიდანაც 7 წლის წინ ექსპონატები გადაიტანეს, მიტოვებული და ამორტიზებულია. ამის შესახებ “ქუთაისი პოსტი” წერს.

გამოცემის ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საუკუნოვანმა შენობამ, ფუნქცია დაკარგა და საპირფარეშოდ არის ქცეული. მხოლოდ, შენობის წინა მხარეს აქვს ფუნქცია, რომელსაც სარეკლამო ბანერის განსათავსებლად იყენებენ.

წლების განმავლობაში ქალაქის ყოფილი ხელისუფლება ამბობდა, რომ შენობისთვის ფუნქციის მოძებნით თავადაც იყო დაინტერესებული, თუმცა, მისი მდებარეობის მიუხედავად,ინვესტორები შენობით ვერ დააინტერესეს.

გასულ წელს, შენობის გვერდით “მაკდონალდსის” მორიგი ფილიალის გახნის პარალელურად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობის შეძენა “მაკდონალდსის” მეპატრონეს, თემურ ჭყონიას სურდა და ადგილზე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნას გეგმავდა.

ბიზნესმენმა მაშინ ქუთაისის მერიაში  ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმიცგააფორმა. შეთანხმების მიხედვით,  ჭყონიას  ადგილზე 100 ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებია.

ქუთაისის მერიაში მაშინ ითქვა, რომ შენობის შესყიდვის პროცედურები დაწყებული იყო და ადგილზე 13 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო. მემორანდუმის გაფორმებიდან ერთი წლის შემდეგ შენობა კვლავ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. რატომ არ შეასრულა თემურ ჭყონიამ  მემორანდუმით გათვალისწინებული ვადებულებები, უცნობია.