2021 წლისთვის საქართველოში ნახევარ მილიონ ადამიანს წყალმომარაგების პრობლემა აღარ ექნება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ სოფლების – ნორიოს, ახალსოფლის, მარტყოფის, ახალი სამგორის, ვაზიანის 35 ათასი ოჯახის 24- საათიანი წყალმომარაგება ექნება.
პროექტის ღირებულება 17 600 000 ლარია. გიორგი კვირიკაშვილმა დასძინა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში წყალმომარაგების 100-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, რაზეც დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და მთავრობის თანადაფინანსებით დაიხარჯა 470 მლნ ლარზე მეტი. შედეგად, პრემიერის თქმით, წყლის მიწოდება 200 ათასამდე ახალ მომხმარებელს გაუუმჯობესდა, მათ შორის 70 ათასზე მეტი აბონენტი კი 24- საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.
“მიმდინარეობს სხვადასხვა სირთულის და მასშტაბის 30-ზე მეტი პროექტის განხორციელება და მათი დასრულების შემდეგ კიდევ 300 ათასამდე მომხმარებელს გაუუუმჯობესდება წყლის მიწოდება. იმდინარე პროექტებიდან გამოვყოფდი ჭიათურას, სადაც წლების განმავლობაში წყალმომარაგება გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა. უკვე დაწყებულია სრული რეაბილიტაცია და სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. შედეგად, ქალაქის 25 ათასზე მეტ მომხმარებელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.
ყურადღება მინდა გავამახვილო ურეკზე, რომელსაც უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია და რომელსაც არასოდეს ჰქონია წყალმომარაგების და წყალარინების მოწესრიგებული სისტემა. ურეკში მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მდგომარეობა დაბინძურების საფრთხის მიმართულებით და გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. პროექტი წლის ბოლოს დასრულდება “, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.