EMC მეტროს მემანქანეების გაფიცვის გადადებაზე სასამართლო განჩინებას ასაჩივრებს

674

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), „ერთობა 2013“-ის სახელით გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დასაქმებულთა გაფიცვის 30 დღის ვადით გადადების შესახებ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

„EMC მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება მეტროს მემანქანეთა გაფიცვის გადადების თაობაზე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით იქნა მიღებული, ვინაიდან სასამართლომ ვერ უზრუნველყო მხარეთა შეჯიბრებითი პროცესის წარმართვა და გადაწყვეტილების მიღება გაფიცვის კონსტიტუტუციური უფლებით სარგებლობასა და საჯარო სიკეთის დაცვის მიზანს შორის სათანადო შეპირისპირების საფუძველზე.

აღნიშნული შემთხვევა ასევე აჩვენებს საპროცესო კანონმდებლობის მნიშვნელოვან ხარვეზებს, რამდენადაც გაფიცვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობისა და შრომითი დავების სპეციალური მოწესრიგების საჭიროების მიუხედავად, საპროცესო კანონმდებლობა არ მოიცავს ასეთი დავების განხილვისა და გადაწყვეტის სპეციფიურ რეგულირებას” -წერია განცხადებაში.

სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი 3 მაისს გაფიცვას გეგმავდა.  თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.

მემანქანეები, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შემდეგი 30 დღის განმავლობაში აღარ გაიფიცებიან.