ქარსელაძე: თუ ლევან ხაბეიშვილი ცილისწამებას გააგრძელებს, ჩემს უფლებებს სასამართლოს წესით დავიცავ

503

ლევან ხაბეიშვილმა ჩემს მიერ მიცემული განმარტებების შემდეგ ფაქტები არც კი გადაამოწმა, პროკურატურას მიმართა და ამის უფლება ყველას აქვს, მაგრამ საჯარო განცხადებაში ისევ ცრუ, დაუსაბუთებელი და უარგუმენტო ბრალდებები წამოაყენა – თუ ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში ჩემი მისამართით ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას გააგრძელებს, მე დავრწმუნდები, რომ მისი ერთადერთი ამოცანა ჩემი პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაა და, რა თქმა უნდა, ჩემს უფლებებს კანონით მონიჭებული, სასამართლოს წესით დავიცავ, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, 25 მაისს, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის უსაფუძვლო ბრალდებას კომპანია „ბლექ სი რივიერას“ დირექტორობის პერიოდში სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების თითქოსდა შეუსრულებლობის შესახებ, ამომწურავი და ფაქტებზე დამყარებული პასუხი გასცა.

”ხაბეიშვილი არც კი დაელოდა ჩემს პასუხს. შესაბამისად, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უბრალოდ ამის თქმა იყო საჭირო. ამას კრიტიკას ვერ დავარქმევ, ეს ნამდვილად ცილისწამებაა. რეალური ვითარება არის შემდეგი: კომპანია „ბლექ სი რივიერამ“, სადაც მე 2018 წლის აპრილამდე დირექტორი გახლდით, განმუხურში, გამყოფ ხაზთან, პროექტის განვითარება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საბაზრო ფასით, საჯარო აუქციონით, 2 266 500 ლარად მიწა ორი პირობით შეიძინა. ერთი პირობა იყო 10 მილიონი ლარის ინვესტირება, მეორე – სასტუმრო კომპლექსის აშენება, რომელსაც არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების, არამედ, მდებარეობიდან გამომდინარე, ბევრი სხვა, შორს მიმავალი და მნიშვნელოვანი ამოცანა ჰქონდა. ამ ორი პირობიდან გადაჭარბებით შესრულებულია პირველი პირობა – უკვე ინვესტირებულია 13 მილიონი ლარი. სასტუმროს კარკასის პირველი 6 სართულიც უკვე აშენებულია. რა თქმა უნდა, პანდემიამ აქაც თავისი ზეგავლენა მოახდინა, ისევე როგორც გეოლოგიურმა რთულმა პირობებმა, რის გამოც სიმყარისა და შენობისთვის საფუძვლის მოსაწყობად, გრუნტის ჩანაცვლება მოხდა. ვალდებულების შესრულების საბოლოო ვადა კი, 2024 წელია,“ – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

უწყების ცნობით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი ქარსელაძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა და 27 მაისს, კიდევ ერთხელ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, საჯაროდ დასდო ბრალი ირაკლი ქარსელაძეს სახელმწიფოს წინაშე აღებული საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობაში და სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენებაში.