სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკურ პოტენციალს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის

603

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.

სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გუშინ, სამ მაისს გაიმართა. უწყების ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს. მათ შორის იმსჯელეს მხარის მასშტაბით დასუფთავებისა და უსახურ შენობებთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებზე. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამსახურში გაწვევის მდგომარეობის, მიუსაფარი ძაღლების, პირუტყვის გადასარეკი ტრასებისა და საზაფხულო საძოვრებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების შესახებ.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის შემსწავლელ სამუშაო ჯგუფში შევლენ მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები: “აღნიშნული ჯგუფი შეისწავლის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს. განისაზღვრება პრიორტეტები და დაიგეგმება სამომავლო ღონისძიებები”.

სხდომაზე მუნიციპალიტეტებში 9 მაისსა და 26 მაისს დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების სამზადისის, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტთა სტაჟირების პროგრამისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკითხებიც განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საბჭო გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება, წინა სხდომა მიმდინარე წლის 7 თებერვალს გაიმართა.