პატრონის მიერ ძაღლისა და კატის მიტოვებამ, შესაძლოა, ადმინისტრაციული სანქციის დაკისრება გამოიწვიოს

460

პატრონის მიერ ძაღლისა და კატის მიტოვებამ, შესაძლოა, ადმინისტრაციული სანქციის დაკისრება გამოიწვიოს.

პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც დეპუტატების – ლევან იოსელიანისა და ალეკო ელისაშვილის საკანონმდებლო ინიციატივაა.

პროექტის მიხედვით, პატრონის მიერ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო მეპატრონე იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვების განმეორებით შემთხვევაში კი, მეპატრონე ფიზიკური პირი – 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

ინიციატორთა განმარტებით, მიუსაფარი და უსახლკარო ცხოველების (ძაღლისა და კატის) რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მეპატრონეების მიერ ცხოველების მიტოვებაა. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ბოლო პერიოდში გახშირებულია ცხოველების მიტოვება მეპატრონეების მიერ, რომელთაც მათზე ზრუნვისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება გააჩნიათ. პრევენციული მექანიზმი კი არ არსებობს.

“კანონპროექტის მიზანია მოქმედ კანონმდებლობაში განისაზღვროს პრევენციული მექანიზმი, რომელიც შინაური ცხოველის მეპატრონეს შეაფერხებს ცხოველის ქუჩაში მიტოვებისგან.

ამასთან, კანონპროექტის მიზანია ჩამოყალიბდეს მკაცრი მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული არასასურველი ვითარების გაუმჯობესებას, საზოგადოებაში ცხოველებისადმი, როგორც ცოცხალი, სულიერი არსებებისადმი დამოკიდებულების გაჯანსაღებას, საზოგადოებაში არსებული მანკიერი მენტალიტეტის შეცვლას და ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 8 ნოემბრის სხდომაზე წარედგინება.