თბილისში დასუფთავების მოსაკრებელი გაორმაგდა – გაძვირება ფიზიკურ პირებს, ჯერჯერობით, არ ეხება

986

ავტორი: რუსა მაჩაიძე

თბილისში დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისა და ინდმეწარმეებისთვის დასუფთავების მოსაკრებლი გაძვირდა. მათ 1 ივნისიდან დასუფთავებისთვის საშუალოდ ორჯერ ძვირის გადახდა მოუწევთ.

იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის გაზრდის საკითხი თბილისის მერიამ ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში, დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დააყენა და გაზრდის სავარუდო მარჟაც ცნობილი იყო. თუმცა, საკრებულომ გადაწყვეტილება ოთხი თვის შემდეგ მიიღო. უკვე გამოქვეყნდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომლითაც ცვლილება საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში შევიდა. ცვლილების თანახმად, თითოეული სუბიექტისთვის დასუფთავების გადასახდელი ასე განისაზღვრა:

  • ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები თვეში 1 კვ.მ-ზე, 10 თეთრის ნაცვლად, 0.191 ლარს გადაიხდიან;
  • სკოლებს, ინსტიტუტებს, კოლეჯებს, ბაგა-ბაღებს და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი ისევ არ დაერიცხებათ, მაგრამ თვეში 1 აღსაზრდელზე, 25 თეთრის ნაცვლად, 45 თეთრს გადაიხდიან;
  • კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები – მაყურებლის ერთ სავარძელზე თვეში 77 თეთრი, 41 თეთრის ნაცვლად;
  • მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერიები, არქივები – 1 კვ.მ-ზე თვეში 0.05 ლარი, 0.027 ლარის ნაცვლად;
  • სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები, საჯინიბოები, კორტები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) – ღია ფართის 1 კვ.მ-ზე თვეში 0.047 ლარს გადაიხდიან, 0.025 ლარის ნაცვლად; დახურული ფართის 1 კვ.მ-ზე კი – 19 თეთრს, 10 თეთრის ნაცვლად;
  • საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები – თვეში ერთ საწოლზე, 1.45 ლარის ნაცვლად, 2.732 ლარი;
  • პოლიკლინიკების, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრების, ექიმების, სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტების მოსაკრებელი თვეში 1 კვ.მ-ზე 0.2 ლარის ნაცვლად 0.366 ლარი იქნება;
  • მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები (თავშესაფარი), უმწეოთათვის უფასო სასადილოები – ერთ ადგილზე თვეში 30 თეთრი, 16 თეთრის ნაცვლად;
  • სამხედრო ნაწილები და პენიტენციური სისტემები – თვეში 1 ადგილზე, 0.75 ლარის ნაცვლად, 1.4 ლარი;
  • სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები – თვეში ერთ საწოლზე, 2,15 ლარის ნაცვლად, 4 ლარი;
  • რესტორნები, კაფეები, ბარები, პიცერიები, სასადილოები (გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა) – 1 დასაჯდომ ადგილზე თვეში 5.6 ლარი, 3 ლარის ნაცვლად;
  • ღამის კლუბები, დისკოთეკები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები – 1 კვ.მ-ზე თვეში 0.843 ლარი, ნაცვლად 0.45 ლარის ნაცვლად;
  • საუნები, საცურაო აუზები, აბანოები – 1 კვ-მ-ზე თვეში 0.426 ლარი, 0.22 ლარის ნაცვლად;
  • სილამაზის სალონები, სადალაქოები, კოსმეტოლოგიის და ესთეტიკის ცენტრები – 1 კვ.მ-ზე თვეში 0.828 ლარი, 0.43 ლარის ნაცვლად;
  • საბანკეტო და სარიტუალო მომსახურებისთვის დარბაზები – ერთ დასაჯდომ ადგილზე თვეში 2.26 ლარი, ნაცვლად 1.2 ლარის;
  • საცხობები, საოჯახო სამზარეულოები (დასაჯდომი ადგილის გარეშე) – 1 კვ.მ-ზე თვეში 60 თეთრი, 32 თეთრის ნაცვლად;
  • ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები,თბილისის ზღვაზე არსებული ფასიანი სანაპირო ზოლები – 1 კვ.მ-ზე თვეში 0.019 ლარი, 0.01 ლარის ნაცვლად;
  • საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურები, აეროპორტები, რკინიგზის დარბაზები – დახურული ფართის 1 კვ.მ-ზე თვეში 19 თეთრს გადაიხდიან, 10 თეთრის ნაცვლად; ღია ფართის 1 კვ.მ-ზე კი – 0.019 ლარს, 0.01 ლარის ნაცვლად;
  • სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი) – 1 კვ.მ-ზე თვეში 1.787 ლარი, 95 თეთრის ნაცვლად;
  • სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები, ბირჟები, საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიები, ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზი), ვეტერინარული ცენტრები – 1 კვ.მ-ზე თვეში 60 თეთრი, 31 თეთრის ნაცვლად;
  • აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები – 1 კვ.მ-ზე თვეში 0.697 ლარი, 37 თეთრის ნაცვლად;
  • შერეული საქონლის ბაზრობები (მათ შორის, შინაურ ცხოველთა და ფრინველთა ბაზრობები) და საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები – 1 კვ.მ-ზე თვეში 0.477 ლარი, 26 თეთრის ნაცვლად;
  • ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით) – დახურული ფართის 1 კვ.მ-ზე თვეში 19 თეთრს გადაიხდიან, 10 თეთრის ნაცვლად; ღია ფართის 1 კვ.მ-ზე კი – 0.046 ლარს, 0.025 ლარის ნაცვლად;
  • ავტოგასამართი სადგურები – 1 კვ.მ-ზე თვეში 19 თეთრი, 10 თეთრის ნაცვლად;
  • სატრანსპორტო საშუალებების საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები, სანერგე მეურნეობები და სათბურები, ფერმები, სასაკლაოები – დახურული ფართის 1 კვ.მ-ზე თვეში 0.182 ლარს გადაიხდიან, 10 თეთრის ნაცვლად; ღია ფართის 1 კვ.მ-ზე კი – 0.093 ლარს, 0.05 ლარის ნაცვლად;
  • სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო და სამრეცხაო სადგურები, ტექმომსახურების ადგილები, შავი და ფერდი ლითონების მიმღები პუნქტები – დახურული ფართის 1 კვ.მ-ზე თვეში 0.328 ლარს გადაიხდიან, 17 თეთრის ნაცვლად; ღია ფართის 1 კვ.მ-ზე კი – 0.048 ლარს, 0.025 ლარის ნაცვლად;
  • მცირე სამეწარმეო საქმიანობა, შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები – 1 კვ.მ-ზე თვეში 0.595 ლარი, 31 თეთრის ნაცვლად;
  • საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი – 1 კვ.მ-ზე თვეში 0.018 ლარი, 0.01 ლარის ნაცვლად;
  • სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა) – 1 კვ.მ-ზე 0.094 ლარი, 0.05 ლარის ნაცვლად.

გარდა ამისა, ჩამონათვალს დამატებული აქვს 4 ახალი კატეგორია და მათთვის დასუფთავების გადასახდელი ასეა განსაზღვრული:

  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებარე ობიექტი – 1 კვ.მ-ზე თვეში 10 თეთრი;
  • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი მრავალფუნქციური მშენებარე ობიექტი – 1 კვ.მ-ზე თვეში 50 თეთრი;
  • სრულად კომერციული გამოყენების მშენებარე ობიექტი – 1 კვ.მ-ზე თვეში 50 თეთრი;
  • საწარმოო ან სამრეწველო გამოყენების, ასევე სხვა ფუნქციური დანიშნულების (გარდა წინა სამი ობიექტისა) მშენებარე ობიექტი – 1 კვ.მ-ზე თვეში 50 თეთრი.