საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი დაიშალა – 12 დან 7-მა წევრმა ამ გაერთიანებაში ყოფნაზე უარი განაცხადა. მიზეზი, სავარაუდოდ, ჯგუფის სხვა წევრები არიან.
თავდაპირველად მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ შექმნილმა სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკონსულტაციო ჯგუფში მყოფმა 9 ორგანიზაციამ ცესკო-სგან 2 341 229 ლარის დაფინანსება მიიღო. ამ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, საკონსულტაციო ჯგუფი მათმა წევრებმა დატოვეს და გაერთიანებაც დაიშალა
“სამოქალაქო საარჩევნო კომისიის კვლევით დადგინდა, რომ საკონსულტაციო ჯგუფში მყოფმა 9 ორგანიზაციამ სახელმწიფოსგან 2 341 229 ლარის დაფინანსება მიიღო. ზემოხსენებული ორგანიზაციების დამფუძნებლები აფილირებულები არიან მმართველ პარტიასთან და გამოირჩევიან პროსამთავრობო განცხადებებით.
დადგენილების თანახმად, საკონსულტაციო ჯგუფი ცესკოს წარუდგენდა რეკომენდაციებს საარჩევნო დავებზე. ჯგუფი შესაძლოა ჩართულიყო კენჭისყრის შედეგების გადათვლის პროცესშიც”,- წერია “სირცხვილიას” განცხადებაში.
8 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ (TI) და სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შერჩევის პროცესი დატოვეს. ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ეს პროცესი “ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას”.
ცესკომ 16 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით გარკვეული რეკომენდაციების წარსადგენად საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა.
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 28 ივნისს დაამტკიცა. როგორც TI და ISFED აცხადებდნენ, ცვლილებების მიხედვით, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ჯგუფის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო სახალხო დამცველისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. TI-მ და ISFED-მა თავდაპირველად მიიღეს ცესკოს მიწვევა ჯგუფის შესარჩევ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა, მოგვიანებით, ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო უარი თქვეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.