სუს-მა თაღლითობის ფაქტზე მარტვილის მერიის ერთი თანამშრომელი დააკავა, 7 პირი კი ამხილა

757

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი დიმა წ. დააკავეს, ხოლო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე დანაშაულში ამხილეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის“ წევრები: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი გოჩა ხ (კომისიის თავმჯდომარე); მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი როლანდ წ (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);  მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი გოგი ძ (კომისიის წევრი); მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი ვაჟა გ (კომისიის წევრი); ააიპ “მარტვილის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის” სპეციალისტი ჯონი ჯ; საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი მდივანი ამბროსი ჭ; სსიპ “ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის” სპეციალისტი ვლადიმერ წ. (კომისიის წევრი). ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმა წ-მ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის“ წევრებს გაანდო თავისი დანაშაულებრივი განზრახვა და სთხოვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დახმარებოდნენ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებაში, რაზეც კომისიის წევრებისაგან თანხმობა მიიღო. დიმა წ. კომისიის წევრების დახმარებით და კომისიის მიერ 2017 წლის 11 აპრილს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 1044.4 კვ.მ მიწის ფართობს, რითაც სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი 7830 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.