დადიანების მუზეუმის ეზოში ბრინჯაოს ქანდაკება მოანგრიეს

1208

ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელ ჭიშკართან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოანგრიეს. მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ არ იცის, როდის დააზიანეს ქანდაკება.

„მე როგრც მითხრეს, წერილიც იყო დატოვებული, რომ ეს წარმართული ძეგლია და აქ არ უნდა იყოსო, თუმცა, თავად არ მინახავს ეს წერილი. სხვა არაფერი ვიცი“, – უთხრა რადიო „ათინათს ბერაიამ.

ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმის ტერიტორიაზე მონუმენტის დაზიანების შესახებ ზუგდიდის მერია ინფორმირებულია. „ოდიშინიუსს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს , რომ ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდეს.
“გვაქვს ინფორმაცია მუზეუმის ტერიტორიაზე მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით და უკვე მივმართეთ სამართალდამცავებს.”- აცხადებენ მერიაში.
შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 187-ე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.
ეს არის ცაიშის სამაროვანეზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ქანდაკების ასლი, რომელიც ძვ. წ. აღ-ით VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. სკულპტურა წარმოადგენს მხედარ ქალს, რომელსაც ერთ მხარეს ბავშვი ჰყავს ჩახუტებული, ცისკენ აღმართულ ხელში კი თასი უჭირავს. კოლხური ქალ- ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მუზეუმის ეზოში რამდენიმე თვის წინ დაიდგა.