1 იანვრიდან დღემდე, თბილისში, ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 132 722 ლარი დაიხარჯა

245

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, დედაქალაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-ჩანაცვლების სამუშაოებისთვის თბილისის განვითარების ფონდიდან 132 722 ლარი დაიხარჯა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე აცნობეს, ამავე პერიოდში მხოლოდ ორი – გლდანისა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობების ბიუჯეტიდან უშუალოდ ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთებისთვის დაახლოებით, 51 626 ლარი დაიხარჯა.

როგორც სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოქალაქეები აზიანებენ საპარკე ინვენტარს, სანათებს, ატრაქციონებს, ხე-მცენარეებს, სარწყავ სისტემებს და ა.შ.

„გლდანის რაიონში, 2022 წლის იანვრიდან დღემდე სკვერებში, საზოგადოებრივ სივრცეებში ფურნიტურაზე ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მიყენებული ზიანი აღინიშნება. ხშირია სარწყავი სისტემების “ფრქვევანების“ დაზიანება, საბავშვო საქანელების სკამების, საპარკე სკამების, ხის ფურნიტურის, სკვერებში არსებული სანაგვე ურნების და ა.შ. დაზიანებები. 2022 წლიდან დღემდე ზემოაღნიშნული ვანდალიზმის შედეგად, არასაგარანტიო პერიოდში 48 სკვერში აღდგა ან ახლიდან მოეწყო დაზიანებული ინფრასტრუქტურა, რაშიც გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 50 000 ლარი დაიხარჯა.

ჩუღურეთის რაიონის ტერიტორიაზე ვანდალიზმის რამდენიმე ფაქტი აღირიცხა. დაზიანებები 12 საპარკე სკამს, 2 საბავშვო ატრაქციონს და 11 სანაგვე ურნას ეხებოდა. დღეისათვის აღდგენილია ყველა საპარკე სკამი, ერთი საბავშვო ატრაქციონი და 6 სანაგვე ურნა. ვანდალიზმის ფაქტების აღმოფხვრა რაიონის გამგეობას 1 626 ლარი დაუჯდა. 2021 წელთან შედარებით ვანდალიზმის ფაქტების მკვეთრი ცვლილება არ მომხდარა,“ – აღნიშნულია მიწოდებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება სამგორის რაიონს – როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წელს, სამგორის რაიონის ტერიტორიაზე დაახლოებით, ვანდალიზმის ოცდაათამდე შემთხვევა დაფიქსირდა.

„მოქალაქეები აზიანებენ საპარკე ინვენტარს, სანათებს, ატრაქციონებს, ხე-მცენარეებს და ა.შ. 2022 წელს 31-ე ქარხანასთან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N162-ის მიმდებარედ ძაღლების მოედანი დააზიანეს, რომელიც საკუთარი ხარჯით შპს „ალგე ჯგუფმა“ აღადგინა. ვარკეთილი ზემო პლატო II მიკრო რაიონი, კორპ. N21, 22, 23-ის მიმდებარედ ატრაქციონები დააზიანეს, რაც საგარანტიო ვადის ფარგლებში მიმწოდებელმა კომპანიამ აღადგინა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

წერილში დედაქალაქის სხვა რაიონებში მომხდარ ვანდალიზმის ფაქტებთან და შეკეთება/რეაბილიტაციისთვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია მითითებული არ არის. როგორც მერიაში განმარტავენ, ვანდალიზმის ფაქტების აღრიცხვა არ ხდება, შესაბამისად, უცნობია, თბილისის მასშტაბით, კონკრეტულად რა რაოდენობის ვანდალიზმის შემთხვევა დაფიქსირდა.