თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირდა ვანდალიზმის ფაქტები, რა დროსაც სკვერებსა და პარკებში განათების ბოძებს აზიანებენ, ხსნიან დამცავ ხუფებს და იპარავენ.
კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დანაშაულის ჩამდენ პირებს მიმართა, რომ ეს ძალიან მძიმე დანაშაულია, რაზეც მერია ყოველთვის შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
„მინდა შევეხო ვანდალიზმის ფაქტებს, რომელიც ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, მტკივნეულია ქალაქისთვის. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ფიქსირდება ასეთი ფაქტები, როდესაც ახლად რეაბილიტირებულ, მოწესრიგებულ სივრცეებში ხდებოდა მიზანმიმართული დაზიანება კონკრეტული ინფრასტრუქტურის. ბოლო დღეების განმავლობაში სკვერებსა და პარკებში მოხდა განათების ბოძების დაზიანება, კონკრეტულად, ხსნიან დამცავ ხუფებს, იპარავენ, რაც ძალიან ცუდია ყველანაირი თვალსაზრისით, პირველ რიგში, უსაფრთხოების. რა თქმა უნდა, ასეთ ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის აქვს შესაბამის რეაგირება, ხდება დაზიანებული ინვენტარის აღდგენა, გამოსწორება, მოწესრიგება, განათების ბოძებზე მოპარული ხუფების თავიდან დაყენება, მაგრამ ფაქტი არის ძალიან ცუდი, როდესაც ვანდალიზმი ხდება. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რაშიც თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა გვჭირდება. პირველ რიგში, მინდა ვანდალიზმის ჩამდენ პირებს მივმართო, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის უმძიმესი დანაშაული, ამით თქვენ საფრთხეს უქმნით თქვენს თანამოქალაქეებს, მათ უსაფრთხოებას, პარკში მყოფ ნებისმიერ დამსვენებელს. ასევე, მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს თხოვნით, ნუ აუვლით გულგრილად მსგავს ფაქტებს, დააფიქსირეთ და მოგვაწოდეთ ყოველი ასეთი ინფორმაცია. მერიის ცხელ ხაზზე შეგიძლიათ დაგვირეკოთ ან დაუკავშირდით თქვენივე რაიონის გამგეობას. ჩვენი მხრიდან ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.