ფოთის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დააანონსა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ოთარ ხარჩილავას განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს საინიციატივო ჯგუფის ინტენსიური შეხვედრები. მისი თქმით, მაისის თვიდან ფოთში პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
“დღვანდელი სხდომა კიდევ ერთი დასტურია არაკეთილსინდისიერი თანამშრომლობის და შეურაცხყოფის. ქალაქში ჩამოშლილია ყველა სფერო, შეწუხებულია მოსახლეობა, მე შევასრულებ მოსახლეობის დაკვეთას, წარვუძღვები ყველა საპროტესტო აქციას, ეს არ იქნება ერთჯერადი, ასევე, ეს იქნება მრავალი ათასი ადამიანისგან შემდგარი აქციები. ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, რომლებიც არღვევენ კანონს ამ ქალაქში და ხელს უწყობენ უმოქმედობას“,- თქვა “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრმა ოთარ ხარჩილავამ.
“ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრის დარეჯან ცხვიტარიას თქმით, ფოთში უმძიმესი სოციალური ფონია.
ოპოზიციის ბრალდებებს მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი გამოეხმაურა: “ჩემთვის უცნობია, თუ რა საპროტესტო აქციებზეა საუბარი. რადგან ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, კანონის ჩარჩოებიდან გამომდინარე და ჩვენ ნამდვილად ვერ ჩავერევით მსგავს პროცესებში. ჩვენ მოწოდებულები ვართ იმისაკენ, რომ სადაც არის რაიმე პრობლემა, აღმოვფხვრათ იგი“, – თქვა გიორგი ფარეშიშვილმა.