ხონის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

699

ხონის მუნიციპალიტეტის  სოფელ  დიდ გუბში, პატარა გუბსა და შუა გუბში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ინტერპრენიუსი ავრცელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ სოფლებში, კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზმა” 25,5 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფლებში მცხოვრებ 500-მდე ოჯახს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

“ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას საქართველოს მასშტაბით სოფლების გაზიფიცირებისათვის. მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ამაღლდეს ჩვენი მოსახლეობის ენერგომატარებლებზე ხელმისაწვდომობა, ოჯახებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩაერთონ გაზგამანაწილებელ ქსელში და მოიხმარონ ბუნებრივი აირი. განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებია. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად ბუნებირვი აირის მოხმარების საშუალება მიეცა 300 ათასამდე ოჯახს. 2013 წლიდან საქართველოს მთავრობაც აქტიურად ჩაერთო გაზიფიცირების პროცესში და დღემდე საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში, გაზიფიცირების სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფიილა 130 მილიონ ლარზე მეტი“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, დღეის მდგომარეობით, იმერეთის რეგიონში აშენებულია 1890 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი, რამაც 40 ათასამდე ოჯახს მისცა ბუნებრივი აირის მოხმარების საშუალება.

“2014 წელს, ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. მოქალაქეებს შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა“, – განმარტავენ სამინისტროში.