ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კარიერის დასახლებაში, ფიროსმანისა და ლეონიძის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე არხები და ბორდიურები მოეწყობა. ასევე, ტროტუარსა და გზის სავალ ნაწილზე დაიგება დეკორატიული ფილები. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის 798 888 ლარი დაიხარჯება.
მერიის ინფორმაციით, კარიერის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რამდენიმე წელია, ეტაპობრივად მიმდინარეობს, მათივე განცხადებით, გასულ წლებში დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყო.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, უბნის კეთილმოწყობა სამომავლოდაც გაგრძელდება.
“დასახლებაში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა წლების მანძილზე ხელს უშლიდა უბნის შემდგომ განვითარებას. კარიერი მოწესრიგებული მიწისქვეშა კომუნიკაციებით, კეთილმოწყობილი ქუჩებით და ახალი სკვერებით უფრო მიმზიდველი გახდება, როგორც ტურისტებისთვის, ისე ინვესტორებისთვისაც”,- აცხადებენ მუნიციპალიტეტში.