პრემიერი: ივანიშვილს ყველაზე მეტად ძალუძს, შესძინოს მეტი დინამიკა როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს

918

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გახდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შეთავაზებას ივანიშვილი დასთანხმდა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად ძალუძს, გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს.

“მნიშვნელოვანია პარტიის შიგნით მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, ამავდროულად გვაერთიანებს მკვეთრად გამოხატული ღირებულებები და ერთიანი პოლიტიკური ხედვა საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ, როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, შევინარჩუნოთ ერთსულოვნება ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში.

პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით, მე შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა. მას ყველაზე მეტად ძალუძს, გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს. უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა და შემდეგ უკვე მალე გაიმართება ყრილობა. დარწმუნებულები ვართ, რომ, როგორც პოლიტსაბჭო, ასევე მთელი საქართველოდან წარმოდგენილი დელეგატები ერთხმად აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს ახალ თავმჯდომარედ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.