ENAPRD სოფლის განვითარების საპროექტო წინადადებების მიღებას იწყებს

815

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში აცხადებს საპროექტო წინადადებების მიღებას. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

როგორც ENPARD-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში, დაბალგანვითარებულ რეგიონებში, სოფლად, მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას, მათ შორის ეკომიგრანტებს, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას და ეთნიკურ უმცირესობებს. თამარ ხუნწარიას ინფორმაციით, პროექტები კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლსა და იმერეთში განხორციელდება.

“საგრანტო კონკურსის კონკრეტულ მიზანს წარმოადგენს აღნიშნული სამიზნე ჯგუფებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების (დასაქმების და დასაქმების უნარიანობის), სოციალური ინტეგრაციის და ძირითად სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. აღნიშნული კონკურსით ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში სოფლის განვითარების მხარდაჭერას, წინა პერიოდში გამოცხადებული ENPARD-ის პროექტების მსგავსად. სოფლის განვითარების პროექტები კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. 2016 წელს მსგავსი პროექტები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც დაიწყო”, – თქვა თამარ ხუნწარიამ.