თელავის საკრებულოში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დაპირისპირება მოხდა

988

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის შიდასაუბნო გზების მოასფალტების თანხა, ორი სოფლის სტადიონის კეთილმოწყობას მოხმარდება. ამის შესახებ თელავის საკრებულოზე იმსჯელეს, რასაც ხმაური მოჰყვა. სიტყვიერი დაპირისპირება “ქართული ოცნებისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატებს შორის მოხდა. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

“იმის გამო, რომ აღნიშნულ სოფელში, არჩევნებში ,,ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიმარჯვა, სოფელი ისჯება. მოსახლეობას არ აქვს სასმელი წყალი. თუ გზისთვის ეს თანხები არასაკმარისია, იქნებ წყლის სისტემის მოსაგვარებლად მაინც გამოეყენებინათ?! სხვა სოფელზე რატომ მიმართეს თანხა?“ – განაცხადა სოფელ რუისპირის მაჟორიტარმა დეპუტატმა მოძრაობა “ევროპული საქართველოდან“ ზურაბ ნაცარაშვილმა.

ოპონენტების ბრალდებებს საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” ლევან კოჭლოშვილმა უპასუხა და პიარზე გათვლილი დემაგოგია უწოდა.

თელავის საკრებულომ ეს საკითხი კენჭისყრაზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.