ქობულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები 1 მაისიდან განახლდება

720

ქობულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები 1 მაისიდან განახლდება. მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაწყებულია, თუმცა შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები გააჭიანურა და შეჩერდა. ამის შესახებ ქობულეთის მერია ავრცელებს ინფორმაციას.

სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერა:

„სამწუხაროდ ძალიან სავალალო მდგომარეობაა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაოებში ჩაერთოს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია. ისინი 1 მაისიდან დაიწყებენ უშუალოდ ქობულეთში სამუშაოების შესრულებას. დღეს უკვე მათ მიერ განთავსებულია შეკვეთები ბეტონის ნაკეთობის დამზადებისთვის. ანუ მათ პრაქტიკულად დაწყებული აქვთ საქმიანობა” – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის თქმით, ახალი კომპანია სამუშაოებს დააჩქარებს. ქობულეთის მერიის ცნობით, ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები გაიზრდება, შემცირდება შტორმის დროს ნაპირსამაგრ კედელზე ტალღების ზემოქმედება, რაც როგორც ტურისტებსა და დამსვენებლებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით ისარგებლონ.