“ნაციონალური მოძრაობა” ცაიშში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. პარტიას საკუთარი წარმომადგენელი ცესკოში არ დაურეგისტრირებია. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე ამბობს, რომ პარტიას პროცესის სამართლიანობის არ სჯერა, რისი მიზეზიც, წითლიძის თქმით, გაყალბებების და ადამიანთა მოსყიდვის გამოცდილებაა.
უფრო ადრე ათმა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. მათი განმარტებით, კვლავაც პრობლემად რჩება საარჩევნო სისტემა, არათანაბარი მედიაგარემო, უთანასწორო ფინანური რესურსები, დაუზუსტებელი ამომრჩეველთა სია, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების უსამართლო წესები, ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება და ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება.
საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის სამი პარტიის წარმომადგენელი იბრძოლებს: „ქართული ოცნებიდან“ – თენგიზ ალმასია, „ევროპული საქართველოდან“ – გოდერძი კუკავა. ხოლო „თავისუფალი საქართველოდან“ – ბაჩუკი ნარუშვილი.
2017 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ჟორჟოლიანი გახდა. ის ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებამდე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ცაიშის თემში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს შუალედური არჩევნები 13 მაისს გაიმართება. არჩევნები ჩატარდება ცაიშის თემის სამ საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში 2829 ამომრჩეველია რეგისტრირებული.