საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. ამის შესახებ “კომერსანტი” წერს.
დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას თქმით, დიდი ხნის განმავლობაში, ეს სფერო ორი ძირითადი დადგენილებითა და სამი კანონით რეგულირდებოდა.
“ეკონომიკის სამინისტროს ორი ალტერნატივა ჰქონდა: ან დაეტოვებინა ძალაში არსებული კანონები და მათი სრულყოფის გზით წასულიყო, ან აერჩია ის გზა, რომელიც უფრო ლოგიკური და პერსპექტიულია – წასულიყო საერთო გამაერთიანებელი კოდექსის ფორმირების კუთხით. რა თქმა უნდა, ამ გზას სულ სხვა ტიპის გამოწვევები ახლდა. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად კოდექსში აისახა ყველა მთავარი გამოწვევა და საკითხი, რომელიც საზოგადოებას მშენებლობის თემებთან დაკავშირებით აწუხებდა.
შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ყველა შეკითხვა, რომლებიც ამ მიმართულებით ისმებოდა ასახულია კოდექსში – სად შენდება, როგორ შენდება, რა ხარისხით შენდება, როგორი იქნება ამ მასალების ხარისხი, არქიტექტორების სერტიფიცირების საკითხი, როგორ განხორციელდება ზედამხედველობა, როგორი იქნება მიწის გამოყენების პერსპექტივები და სახელმწიფო დამოკიდებულება მიწასთან მიმართებაში”, – განაცხადა კაკულიამ.