ბათუმში მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა საზოგადოებას ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ წარუდგინა. ინფორმაციას “ბათუმის მერია” ავრცელებს.
“მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი დოკუმენტი მუნიციპალიტეტის ისტორიაში პირველად შეიქმნა. დოკუმენტი მოიცავს ქალაქის განვითარების 10 ძირითად სტრატეგიულ მიმართულებასა და იმ ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ქალაქის ფუნქციურ და ეკონომიკურ გაძლიერებას. მასში აბსოლუტურად აისახება ქალაქის წინაშე არსებული ყველა საჭიროება. სტრატეგიული გეგმის შექმნის პროცესში, რომელსაც ჩემი წინასაარჩევნო პროგრამა დაედო საფუძვლად, მერიის ყველა სამსახურმა მიიღო მონაწილეობა. მათ მიერ განხორციელდა დოკუმენტის როგორც დროში გაწერა, ასევე ბიუჯეტის განსაზღვრა. გარდა ამისა, კონსულტაციები გავიარეთ პროფესიულ და საზოგადოებრივ წრეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ ყველა იმ მხარის ინტერესი და მოსაზრება, რომელიც გამოთქმული იყო ამ პერიოდში“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.
გეგმის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებებია: მოქალაქეზე ორიენტირებული თვითმმართველი ქალაქი; ქალაქ ბათუმის ფუნქციონალური პროფილის გაძლიერება და დივერსიფიკაცია; ქალაქ ბათუმის ეკონომიკური პროფილის გაძლიერება და დივერსიფიკაცია; მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება; ქალაქის ურბანული განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; ინკლუზიური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების სისტემა; კულტურის განვითარების ხელშეწყობა; სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება მერმა თითოეული სტრატეგიული მიმართულება დეტალურად განიხილა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. განხილვის შემდეგ ბათუმის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. საჯარო განხილვაში აჭარის მთავრობის, მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.