ქუთაისის ნაცმოძრაობა ქალაქში სავაჭრო ჯიხურების დადგმას აპროტესტებს. პრესკონფერენციაზე ნაცმოძრაობის წევრმა გიგა შუშანიამ განაცხადა, რომ ქუთაისის მერია ქალაქს 90–იან წლებში აბრუნებს.
“ქუთაისის მერმა ხელი მოაწერა ნებართვას, რომლითაც 16 ჯიხურის დადგმის ნებართვა გასცა. მერმა ამით გადაწყვიტა, ქუთაისში დააბრუნოს ბნელი 90–იანი წლები და ჯიხურების ეპოქა. ამავდროულად, მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის იერსახეზე, ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავენ, მეორე მხრივ, აბრუნებენ და დგამენ ჯიხურებს. ხვალ ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეების აყრას აპირებენ, რადგან აცხადებენ, რომ თურმე ამით იერსახე მახინჯდება, ამ დროს ამ ჯიხურების დიდი ნაწილი, სწორედ ჭავჭავაძის გამზირზე იდგმება“, –განაცხადა გიგა შუშანიამ.
მისივე თქმით, ჯიხურების ჩადგმას აპირებს შპს „მადლი“, რომლის მეპატრონეა „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი გოჩა თევდორაძე. შუშანიას თქმით, ეს მოვლენები საეჭვოდ ემთხვევა ბორჯომში მიმდინარე მოვლენებს.
„პროცესები საეჭვოდ ემთხვევა ბორჯომში მიმდინარე მოვლენებს, როდესაც „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ თანამშრომლობით მოახერხეს საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება და უმრავლესობის ფორმირება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ, ეს გადაწყვეტილება არის ჯილდო „პატრიოტთა ალიანსის“. ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურად მოტივირებული, ვინაიდან ნებისმიერმა მოქალაქემ დღეს რომ მიმართოს მერიას უკეთესი, უფრო მსუბუქი ჯიხურის დადგმის მოთხოვნით, დარწმუნებული ვარ, უარს მიიღებენ მერისგან. ამასთან, მერია ამბობს, რომ იძულებულია სასამართლო გადაწყვეტილება შეასრულოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მერია ზერელედ მიუდგა სასამართლო პროცესებს ამ თემაზე“, -განაცხადა გიგა შუშანიამ.
საკრებულოს დეპუტატის თქმით, ჯიხურებზე ნებართვა ოთხი წლის წინ ქუთაისის იმჟამინდელმა მერმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გასცა, რადგან მაშინაც პარტიები თანამშრომლობდნენ, ოთხი წლის შემდეგ კი მერი კვლავ გასცემს ნებართვას. შუშანიას თქმით, „ქართული ოცნება“ ვერავისკენ გაიშვერს ხელს, რადგან მაშინაც და ახლაც მისმა წარმომადგენლებმა გასცეს ნებართვა.