ხაშურის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობა მიმდინარეობს

639

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქვიშხეთში, ტეზერში და სურამში- 26 მაისის ქუჩებზე, გზების მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც მერია იუწყება, სოფელ ქვიშხეთში მოეწყობა 2 200 გრძივი მეტრი გზა და მიმდებარე ჩიხებში 282 გრძივი მეტრი გზის მონაკვეთები. აღნიშნული გზის მშენებლობით ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის და მასში შემავალი სოფლების: ბეღლეთის, ბულბულისციხეს და მონასტრის 3000 მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი და სტუმარი ისარგებლებს. გზის მშენებლობასთან ერთად, მოეწყობა სანიაღვრე არხები, რაც სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მერიის ინფორმაციით, ქვიშხეთის გზის რეაბილიტაცია, მიმდინარე წლის ივლისის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 955 925 ლარი დაჯდება.

ასევე, სოფელ ტეზერში ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოებიც თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 540 999 ლარს ითვლის.

უწყების ცნობით, აღნიშნული გზის რეაბილიტაციით ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ტეზრის, ყიფიანთუბნის და სავანისუბნის 2000-მდე ადგილობრივი მცხოვრები ისარგებლებს.

დაბა სურამში, 26 მაისის ქუჩის რეაბილიტაცია თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტი 542 400 ლარს ითვლის და ივლისის ბოლოსთვის დასრულდება. როგორც მერია აღნიშნავს, 26 მაისის ქუჩა კომპაქტური დასახლებაა და პროექტის დასრულების შემდეგ, 800-მდე ადგილობრივ მცხოვრებს მკვეთრად გაუუმჯობესდება საყოფაცხოვრებო პირობები.