BBC-ის შემდეგ აჭარის რეკლამა უკვე „ევრონიუსზე“ ტრიალებს, – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ადასტურებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებს 195 ქვეყანაში ეცნობიან.
„სატელევიზიო რეკლამის გარდა წელს ტელეკომპანია „ევრონიუსის“ მაყურებელი აჭარის ტურისტული ღირშესანიშნაობების შესახებ მომზადებულ გადაცემებსა და ბლოგებს გაეცნობა. ჟურნალისტები აჭარას აპრილის დასაწყისში სტუმრობდნენ. „ევრონიუსის“ ჟურნალისტები რეგიონს განმეორებით ზაფხულსა და უკვე შემოდგომაზე, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გასაშუქებლად ეწვევიან. პარალელურად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მოლაპარაკებებს აგრძელებს ტელეკომპანიებთან „დოიჩე ველე“ და CNN, სადაც ასევე იგეგმება რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლების გაშვება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ჩვენ დავიწყეთ აქტიური სატელევიზიო რეკლამა BBC-სა და უკვე „ევრონიუსის“ ეთერით, რაც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდას ემსახურება. პარალელურად ვგეგმავთ აჭარის საიმიჯო ვიდეო რგოლების გაშვებას საერთაშორისო ტელეკომპანიების დოიჩე ველესა და CNN-ის ეთერით. ამას დაემატება სატელევიზიო რეკლამა უკვე სამიზნე ქვეყნების ადგილობრივ ტელევიზიებში, მაგალითად პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. გარდა ამისა, ვიწყებთ აქტიურ ინტერნეტრეკლამასა და გარერეკლამას 16 სამიზნე ქვეყანაში. ჩვენი სარეკლამო აქტივობები არის კომპლექსური და მისი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა და რეგიონი. ჩვენი 2018 წლის სარეკლამო აქტივობები 16 სამიზნე ქვეყნებში ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა და ვიმედოვნებთ, რომ მისი შედეგი რეგიონში ტურისტების ზრდა იქნება“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლის განახლებულ ვერსიაზე „ევრონიუსმა“ იმუშავა. კლიპის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.