მცხეთის განვითარების გეგმაზე მომუშავე კომპანიას სამთავრობო კომისია გამოავლენს

1314

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მცხეთის განვითარების ახალ გეგმაზე მომუშავე საპროექტო კომპანიას სამთავრობო კომისია გამოავლენს. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

მცხეთის განვითარების ახალ გეგმაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, თუმცა ისტორიული და მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ქალაქის განვითარება ამ დრომდე არ დაწყებულა. გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, 2015 წლის აგვისტოში, მთავრობამ იუნესკოს რეკომენდაციით, მცხეთაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისებასა და იქ მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა. იუნესკომ მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან 2016 წელს ამოიღო.

გეგმაზე მუშაობა თავდაპირველად მცხეთის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ დაიწყო. პროექტის შესადგენად გამოვლინდა საპროექტო კომპანია შპს „სალი- 2011“, რომელსაც მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 160 000 ათასი ლარი გადაუხადა. კომპანიაში შემავალ არქიტექტორთა ჯგუფს ქალაქის განვითარების დოკუმენტი უნდა მოემზადებინა. თუმცა 2017 წელს უკვე გამზადებული დოკუმენტი ადგილობრივმა საკრებულომაც და იუნესკომაც დაიწუნეს.

როგორც მაშინ ითქვა, მიზეზი ის იყო, რომ აღნიშნული დოკუმენტი ქალაქის იერსახეს სრულიად ცვლის, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს. ასევე, პროექტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

გამოცემა შეეცადა გაერკვია, თუ რა ბედი ელის მცხეთის განვითარების გეგმას და ვინ
მოამზადებს ახალ დოკუმენტს. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, პროექტი მასშტაბურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა და ახალ ჯგუფსაც სწორედ ის გამოავლენს.

ეკონომიკის სამინისტროში თქვეს, რომ უახლოეს მომავალში ამისთვის სპეციალური სამთავრობო კომისია შეიქმნება, რომელიც შეარჩევს ახალ კომპანიას. ვინ შევლენ კომისიაში და ხომ არ იგეგმება საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა, ამის შესახებ სამინისტროში ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს.

მათივე ინფორმარიით, საპროექტო კომპანია „სალი-2011“, რომლის პროექტიც უკვე დაწუნებულია, ახალ დოკუმენტზე არ იმუშავებს. რაც შეეხება თავად საპროექტო კომპანიას,  „სალი-2011“-ის დირექტორმა ვიქტორ მარგველაშვილმა თქვა რომ ინფორმაცია არ აქვს, ვინ ადგენს ახალ დოკუმენტს.

„ჩვენთან კონტრაქტი შეწყვეტილია, ჩვენ ამაში მონაწილეობას აღარ ვღებულობთ. შესაძლოა, არქიტექტორთა იგივე ჯგუფი მუშაობს დოკუმენტზე, მაგრამ სხვა კომპანიასთან ერთად“, – აცხადებს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, მათ მიერ მომზადებული გეგმის თანახმად, მცხეთაში, სვეტიცხოველთან ახლოს განაშენიანება შეიზღუდებოდა და სწორედ ეს გახდა მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი, რასაც საკრებულომაც მხარი დაუჭირა.

„ჩვენი გეგმის მიხედვით, დაწესდებოდა შეზღუდვები, რომ ქალაქის ცენტრში არაფერი აშენებულიყო, თუმცა ეს მოსახლეობას არ აწყობს. მათ აქვთ მიწები და სვეტიცხოვლის და მცხეთის მომავალი კი არა, პირადი ინტერესები აქვთ, რომ რაღაც ააშენონ, კომერციული სარგებელი ნახონ და ა.შ.“, – განმარტავს მარგველაშვილი.

მცხეთის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის ძირითადი ნაწილი ქალაქის სამეწარმეო, საზოგადოებრივი, სატრანსპორტო და კულტურული მიმართულებების განვითარებას ეხება. დოკუმენტის მიხედვით, მცხეთის საერთო ფართობი 43.93 კვ.კმ-ია, აქედან ბუნებრივი ლანდშაფტის ტერიტორია 40 კვ.კმ-ზეა გაშლილი, სადაც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება იკრძალება. ამ მიმართულების წარმომადგენლებს მცხეთის ძალიან მცირე ნაწილი – 2.19 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეხვდა.

რაც შეეხება ლანდშაფტის ზონას, აქ გეგმა განაშენიანების შეზღუდვას ითვალისწინებს, თუმცა ამ შემთხვევაში რეგულაციას ახალი დოკუმენტი დააზუსტებს, რომელიც მიწათსარგებლობის გენერალური ანუ, განვითარების გეგმის დამტკიცების შემდეგ დაიწერება. მიუხედავად შეზღუდვებისა, ქალაქის აღნიშნული ნაწილი გარკვეულ დაშვებებს ითვალისწინებს.
ამასთან, იმის გამო, რომ მცხეთის გენერალური გეგმა ვერ დამტკიცდა, 2017 წელს მთავრობამ მცხეთაში მიწების გასხვისებასა და მშენებლობებზე მორატორიუმი 2 წლით გაახანგრძლივა.