ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 2200 გრძივი მეტრი გზა და მიმდებარე ჩიხებში- 282 გრძივი მეტრი გზის მონაკვეთები. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„აღნიშნული გზის მშენებლობით ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის და მასში შემავალი სოფლების: ბეღლეთის, ბულბულისციხეს და მონასტრის 3000 მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი და სტუმარი ისარგებლებს. გზის მშენებლობასთან ერთად, მოეწყობა სანიაღვრე არხები, რაც სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.” -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზვიად ქურდაძემ.
ქვიშხეთის გზის რეაბილიტაცია, მიმდინარე წლის ივლისის ბოლოსთვის დასრულდება.
პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება ჯამში 955 925 ლარს შეადგენს.
ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სოფელ ტეზერში ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოები. პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 540 999 ლარს ითვლის.
„აღნიშნული გზის რეაბილიტაციით ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ტეზრის, ყიფიანთუბნის და სავანისუბნის 2000-მდე ადგილობრივი მცხოვრები ისარგებლებს, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს მათ საყოფაცხოვრებო პირობებს.“-განაცხადა მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა.
გაზაფხულის ბოლოსთვის, ტეზრის გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2000 -მდე ადგილობრივ მაცხოვრებელს და სტუმარს კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება.