თელავის სოფელ რუისპირში მოსახლეობა საძოვრის გასხვისებას აპროტესტებს

926

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები საძოვრის გასხვისებას აპროტესტებენ. მათ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და აქციის მონაწილეებს სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების საშუალებას არ აძლევენ. ადგილობრივებსა და პოლიცილებს შორის აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

რუისპირელების თქმით, დაახლოებით 15 ჰექტარი ტერიტორია სახელმწიფომ კერძო ინვესტორზე ისე გაასხვისა, რომ ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ.

“ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს ისე გაასხვისეს რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა. დაახლოებითი 15 ჰექტარი მიწა გაყიდეს. მიწას საძოვრებად ვიყენებდით და ზაფხულში იქ დასასვენებლადაც ავდიოდით. მიწა კერძო მესაკუთრემ იყიდა და სასტუმრო უნდა ააშენოს. დღეს ინვესტორმა სამუშაოები დაიწყო. ტერიტორია შემოსაზღვრულია და იქ შესვლის უფლება არ გვაქვს. პოლიცია გზის გადაკეტვის საშუალებას არ გვაძლევს. არ გავჩერდებით. სოფლის საძოვრების გაყიდვას არ დავთმობთ’’, თქვეს სოფელ რუისპირის მაცხოვრებლებმა.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საძოვრების პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება. პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ ფიზიკური დაპირისპირება ხან  შეცდომით თუ საგანგებოდ გაყიდულ სოფლის საძოვარზე იმართება და ხან – პირდაპირ საკრებულოებში.