ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საძოვრების პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება. პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ ფიზიკური დაპირისპირება ხან შეცდომით თუ საგანგებოდ გაყიდულ სოფლის საძოვარზე იმართება და ხან – პირდაპირ საკრებულოებში.
ერთი თვეც არაა გასული, რაც თელავის საკრებულოში მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში მოექცა – საკრებულოს წევრი და მოქალაქე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მერე ისეთი ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, რომ პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. ჩხუბის მიზეზი კი სოფელ რუისპირისა და იყალთოს გაყიდული საძოვრები გახდა.
წელიწადზე მეტია, სოფელ რუისპირის მცხოვრებლები საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ. ამბობენ, რომ სახელმწიფომ საძოვრები ისე გაყიდა, მოსახლეობისთვის არაფერი შეუტყობინებიათ. ამიტომაც ისინი საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ, რადგან, როგორც თავად ამბობენ, ეს მათი ერთადერთი საარსებო წყაროა. რუისპირელები მზად არიან, ეს 15 ჰექტარი გამოისყიდონ.
ცოტა ხნის წინ 280 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გაყიდვა გააპროტესტეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოშიც. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ტერიტორია ერთადერთი საძოვარი იყო და ახლა იძულებული არიან, საქონელი გაყიდონ, რადგან ალტერნატიული საძოვარი არ აქვთ. იგივეს ამბობენ იყალთოელები, ილიაწმინდელები, რიყელები…
ფაქტია, ეს არ არის ერთეული შემთხვევები და არც მხოლოდ ერთი რომელიმე მუნიციპალიტეტის პრობლემაა. სულ უფრო მეტ სოფელში ჩივიან, რომ საძოვრების გარეშე დარჩნენ. პერიოდულად მოსახლეობა ქუჩაში გამოდის და აქციებს მართავს.
პრობლემა I – საძოვრები, რომლებსაც მოსახლეობა იყენებს, საძოვრის სტატუსი არ აქვს
სათიბ-საძოვრების თემა, სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმაოდ რთული პრობლემაა, რადგან ძალიან ბევრ, ერთმანეთზე გადაჯაჭვულ, დაურეგულირებელ საკითხს მოიცავს და წლების განმავლობაში, მოგვარების ნაცვლად, მოსახლეობის ინეტრესების საზიანოდ, სულ უფრო რთულდება.
არსებული კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების გაყიდვა არ შეიძლება. 2010 წლამდე ამასთან დაკავშირებით სიტყვიერი აკრძალვა არსებობდა, შემდეგ კი კანონი მიიღეს. ანუ, დღეს საძოვრის სტატუსის მქონე მიწას სახელმწიფო ვერ გაყიდის.
პირველი პრობლემაც სწორედ ეს არის – ნაკვეთებს, რომელსაც ამა თუ იმ სოფელში მცხოვრებლები ათწლეულებია, საძოვრებად იყენებენ, რეალურად, საძოვრის სტატუსი მინიჭებული არ აქვს. ამის გამო კი მიწა, ერთი შეხედვით, კანონის სრული დაცვით იყიდება, მაგრამ მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ვარდება, ვინაიდან არ რჩება ტერიტორია, რომელსაც საძოვრად გამოიყენებს. ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ წლების განმავლობაში პრობლემა ხელოვნურად არ გვარდება, ვინაიდან საძოვრის სტატუსის მქონე მიწას სახელმწიფო ვეღარ გაასხვისებს, ახლა კი მას, ფაქტობრივად, უკონტროლოდ ყიდიან.
ამის კარგი მაგალითია რუისპირის ისტორია. 15 ჰექტრამდე მიწა, რომელსაც, სოფლის მოსახლეობის თქმით, ათწლეულებია, საძოვრად იყენებს, ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა. გაყიდული მიწის ნაკვეთის მფლობელი ახლა კომპანია “ლაგვინიაა”. კომპანიის დირექტორი გიორგი ხუჯაძე მედიასთან კომენტარებში ამბობს, რომ მიწა, კანონის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროსგან იყიდა და მალე ამ ადგილზე სასტუმროს მშენებლობას დაიწყებს.
droa.ge-ს სამინისტროში უთხრეს, რომ 15 ჰექტრიდან ნაწილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა, რომელზეც ინვესტორს მშენებლობა შეუძლია, ხოლო ნაწილი – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, რომელზეც მიწის მფლობელს ხეხილის გაშენება სურს. უწყება, ასევე, ამბობს, რომ მიწას სტატუსი არ შეცვლია და ის მუდმივად ამ სტატუსით იყო რეგისტრირებული. თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილიც ადასტურებს, რომ ამ მიწას საძოვრის სტატუსი არასოდეს ჰქონია.
წესით, როდესაც ეკონომიკის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ყიდის, მუნიციპალიტეტს შეკითხვას უგზავნის, შესაძლებელია თუ არა ამ ტერიტორიის გასხვისება და მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობიდან მიღებული დასტურის შემთხვევაში ხდება მიწის გაყიდვა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ინვესტორის მოთხოვნით, ეკონომიკის სამინისტროს მიწის გაყიდვის გადაწყვეტილება მიუღია, მაგრამ თვითმმართველობიდან მიღებული დასაბუთებული უარის გამო, ვეღარ გაუყიდია. თუმცა, გაცილებით მეტია ისეთი შემთხვევა, როცა, უარის მიუხედავად, მიწა მაინც გაყიდულა.
ეკონომიკის სამინისტროში droa.ge-ს უთხრეს, რომ ამგვარი წერილი თელავის მუნიციპალიტეტსაც გაუგზავნეს და მისგან თანხმობაც მიიღეს. თელავის ამჟამინდელმა მერმაც დაადასტურა, რომ თელავის თემის მუნიციპალიტეტის წინა ხელისუფლებამ ნამდვილად გასცა ასეთი თანხმობა, მაგრამ არ იცის, რა არგუმენტების საფუძველზე, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროს კანონი არ დაურღვევია. რატომ არ გაითვალისწინა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ის გარემოება, რომ, სტატუსის მიუხედავად, სოფელი ამ ტერიტორიას საძოვრად იყენებდა და მისი გაყიდვით, შესაძლოა, სოფლის მოსახლეობა რთულ ვითარებაში აღმოჩენილიყო, ამაზე პასუხი, სამწუხაროდ, ვერ მოვიპოვეთ. ვერც ის გავარკვიეთ, რატომ არ ხდება ამ დრომდე ამგვარი მიწებისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება.
იგივე მდგომარეობაა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოშიც. აქ 280 ჰექტარ მიწის ნაკვეთს რომ ადგილობრივები საძოვრად იყენებდნენ, მედიასთან ადასტურებს სიღანღის მუნიციპალიტეტის მერის წამომადგენელი საქობოში, თუმცა, ამბობს, რომ ტერიტორიას საძოვრის სტატუსი არასდროს ჰქონია და ეკონომიკის სამინისტრომ მიწა კერძო ინვესტორზე უკვე გაყიდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი droa.ge-თან საუბრისას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორედ მიწების რეგისტრაციას და მის სტატუსს ასახელებს.
„ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით მთაში, სადაც საძოვრები არავის საკუთრებაში არ არის რეგისტრირებული. საკადასტრო რუკების პრობლემაა, სადაც არის გადაფარვები და ა.შ. შესაძლოა, გაჩეხილ ტყეს სოფელი საძოვრად გამოიყენებდეს, მაგრამ მისი სტატუსი გაურკვეველია და ესაც პრობლემაა. საზღვრები არ არის დადგენილი. სოფელი, ტრადიციულად, თავის საძოვრად თვლის, სახელმწიფო – თავის საკუთრებად, რომელსაც ყიდის და შემდეგ იქმნება პრობლემა. ამიტომ არის აუცილებელი, რომ, პირველ რიგში, ეს საკითხი მოგვარდეს. ამას კი დაუყოვნებლივ უნდა მოჰყვეს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის უფლებების გამიჯვნა. სხვანაირად საკითხი სულ უფრო გამწვავდება,“ – ამბობს თენგიზ შერგელაშვილი.
საძოვრების რეგისტრაციის პრობლემა გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც, ირიბად, მაგრამ აღიარა. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაციაზე მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: „ჩემი პირდაპირი მითითება იყო, რომ პრაქტიკაში საძოვრად გამოყენებული მიწების დირექტიულად გასხვისება არ მოხდეს. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, რომ ჩვენ მეცხოველეობას მუნიციპალიტეტებში მოვუკლათ სტიმული და საშუალება, რომ მათ გამოკვებონ საქონელი და მოშორდნენ იმ პრაქტიკას, რასაც ისინი წლების განმავლობაში მისდევდნენ“.
თუ ეს მითითება არსებობს, მაშ, რატომღა იყიდება საძოვრები სოფლებში? მხოლოდ ბოლო დროის მაგალითებიც საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ პრემიერის მითითებას შესაბამისი უწყებები არ ასრულებენ და პრაქტიკაში საძოვრებად გამოყენებულ მიწებს სახელმწიფო მასობრივად ასხვისებს.
პრობლემა II – რეგისტრაციისა და საძოვრების ბაზის საკითხი
საქართველოში მთლიანად რამდენი ჰექტარი მიწა ირიცხება სათიბ-საძოვრებში, ამის გარკვევა სახელმწიფო უწყებებში საკმაოდ პრობლემური აღმოჩნდა. ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში გადაგვამისამართა, საიდანაც ისევ ეკონომკის სამინისტროში დაგვაბრუნეს. აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია ამ სამიდან არც ერთი უწყების ვებგვერდზე არ იძებნება. ერთადერთი, სადაც მეცხოველეობაზე, და არა საძოვრებზე, ინფორმაცია იძებნება, სტატისტიკის ეროვნული სამსახურია.
მიუხედავად იმისა,რომ უკვე 2018 წელია, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ბოლო 2016 წლის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული. ამ მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში არსებობდა 962.7 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და 936.5 ათასი თხა და ცხვარი (ინფორმაციაში მითითებულია, რომ 2017 წლის მონაცემები დაზუსტებული სახით ხელმისაწვდომი იქნება 2018 წლის 15 ივნისს). რაც მთავარია, ეს არის პირუტყვის სულადობის მაჩვენებელი და სათიბ-საძოვრების ფართის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.
ფერმერი ბექა გონაშვილი, რომელიც წლებია, მეცხვარეობის პრობლემებს სწავლობს და ამ საკითხების მოგვარებაში უშუალოდ არის ჩართული, droa.ge-თან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, ზოგადად, 1 700 000 ჰექტარი საძოვარია. აქედან მთის საძოვარი 1 300 000 ჰექტარია, დანარჩენი კი – ბარის. თუმცა, როგორც ის ამბობს, ეს არის 1980-იანი წლების, საბჭოთა კავშირის დროინდელი მონაცემები და იმის გამო, რომ ახალი მონაცემები არ არსებობს, საბაზისოდ ეს მონაცემი ითვლება.
„ბარის საძოვრებზე ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს, რადგან აქ ცხვარი უფრო მეტია, ვიდრე დასაშვები ნორმაა. ანუ, ამ საძოვრებზე იმაზე მეტ საქონელს ვაძოვებთ, ვიდრე მას გამოკვების პოტენციალი აქვს. გარდა ამისა, ჩვენს საძოვრებზე არ არის სარწყავი სისტემები და ბუნებრივი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, რა ბალახიც ასწრებს გაზრდას, მხოლოდ იმას ძოვს ცხვარი და ძროხა. რაც შეეხება მთის საძოვრებს, აქ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, რადგან იქ იმდენი საქონელი, რაც საძოვარია, აღარ გვყავს. არის ადგილები, სადაც გატყევებაც კია დაწყებული, მაგალითად, რაჭაში,“ – ამბობს ბექა გონაშვილი.
თუმცა, ისიც მიიჩნევს, რომ გაცილებით დიდი პრობლემა ამ საძოვრების საკუთრებასთან დაკავშირებით შექმნილი ქაოსია, რასაც ყველა საკუთრი ინტერესიდან გამომდინარე იყენებს, დაზარალებული კი ყოველთვის მოსახლეობა რჩება.
უმთავრესი პრობლემა – სახელმწიფო ადგილობრივ თვითმმართველობებს მიწას არ აძლევს
დღეის მდგომარეობით, საძოვრების გარკვეული რაოდენობა კერძო, უდიდესი ნაწილი კი სახელმწიფო საკუთრებაშია და მისი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადაცემა, კანონში ჩაწერილი მოთხოვნისა და ხელისუფლების მიერ დეკლარირებული დეცენტრალიზაციის მიუხედავად, არ მომხდარა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ, რეალურად, ყველაზე უკეთ იცის, სტატუსის მიუხედავად, რომელ მიწას გამოიყენებენ სოფლებში საძოვრებისთვის. მათი ანგარიშვალდებულებაც ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე გაცილებით დიდია, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლების. მუნიციპალიტეტის დონეზე აღნიშნული საკითხის განხილვის პროცესში აუცილებლად ჩართული იქნებოდნენ ამ სოფლების წარმომადგენლები, მინიმუმ ამ სოფლებიდან არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების სახით. ამიტომაც რუისპირისა თუ იყალთოს მსგავს შემთხვევებში სოფელი პოსტფაქტუმ მაინც არ გაიგებდა საძოვრების გაყიდვის ამბავს. ზოგადად, მსგავსი საკითხების მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში გადაცემის შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობა გაცილებით უფრო დაცული იქნება, ვინაიდან იმ მიწებისთვის, რომლებსაც საძოვრებად იყენებენ, სწორი სტატუსის განსაზღვრა მუნიციპალიტეტებს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ბევრად უფრო ობიექტურად შეუძლიათ, ვიდრე ათეულობით და ასეულობით კილომეტრით დაშორებულ ეკონომიკის სამინისტროს ჩინოვნიკს, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ მიწის ნაკვეთს ადგილობრივი მოსახლეობისათვის .
„ჩემი ვარაუდით, იმ მეცხვარეებისა თუ მწყემსების დაახლოებით 70%-ს, ვისაც თავად ჰყავს საქონელი, თავისი საკუთრი საძოვარი არა აქვს. ის სხვისგან ქირაობს, რომელსაც რაღაც მექანიზმებით მოპოვებული აქვს ეს საძოვრები. ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრები, რომელიც სახელმწიფოს ჰგონია, რომ თავის საკუთრებაშია, რეალურად, არ არის მის საკუთრებაში. ანუ, ამ მხრივ ბაზაც კი მოუწესრიგებელია. ზოგადად, კადასტრი საერთოდ არ გვაქვს. თავის დროზე, როდესაც საჯარო რეესტრი მონაცემებს და დოკუმენტაციას ელექტრონულად არ ინახავდა, არც საძოვრების ელექტრონული ბაზა არსებობდა. მას შემდეგ, რაც ციფრული ბაზა შეიქმნა, ამ მონაცემების გაციფრულება არ მომხდარა. როგორც ჩანს, ეზარებათ, თორემ, რეალურად, მონაცემები აქვთ,“ – ამბობს ბექა გონაშვილი.
საძოვრებთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრულია მხოლოდ ის, თუ თეორიულად რა ითვლება სათიბ-საძოვრად, რის საფუძველზე ხდება ამ მიწის კერძო საკუთრებად აღიარება და განსაზღვრულია საგადასახადო განაკვეთები. „საგადასახადო კოდექსით“ კი გასაზღვრულია მიწაზე ქონების გადასახადი სათიბებისა და საძოვრებითვის მუნიციპალიტეტების მიხედვით, რომელიც, სათიბების შემთხვევაში, 1 ჰექტარზე 16-20 ლარით არის განსაზღვრული, საძოვრის შემთხვევაში კი – 1 ჰექტარზე 5-16 ლარით (მუხლი 204, მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი). აქვე არის განსაზღვრული ამ გადასახადიდან გათავისუფლების შემთხვევები; ასევე, განსაზღვრულია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობის უფლება ამ გადასახადის გამოყენებისთვის.
ცოტა ხნის წინ მთავრობამ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა წამოიწყო. მიზანი კი, როგორც ამ პროგრამაშია ნათქვამი, არის „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების სწორად და რაციონალურად გამოყენება“.
”ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში გააჩნიათ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული, იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა – ტრაქტორები, სათიბები, ასევე, სხვა საჭირო ინვენტარი,” – ნათქვამია დოკუმენტში. სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული არეალი მაღალმთიანი სტატუსის მქონე მუნიციპალიტეტებს მოიცავს, თუმცა, ერთ მუნიციპალიტეტში ერთი განაცხადი დაკმაყოფილდება. რამდენიმე დღის წინ, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამაში ცვლილება შევიდა და მისით მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობა გაფართოვდება.
თუმცა, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს პროგრამა საძოვრებთან დაკავშირებულ ვერც ერთ პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან პრობლემა პირდაპირ არის დაკავშირებული ცენტრისა და თვითმმართველობის უფლებამოსილების გამიჯვნისა და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემის საკითხებთან. პირველ რიგში, სწორედ ეს პრობლემაა მოსაგვარებელი, რაც თვითმმართველობის არსებითი რეფორმის გარეშე ვერ მოგვარდება.
სასოფლო-სამეურნეო მიწების, მათ შორის, საძოვრების, ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით მთავრობას ვალდებულებაც ჰქონდა აღებული – 2017 წლის ბოლომდე გეგმა-გრაფიკი უნდა შეემუშავებინა, რის მიხედვითაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები მუნიციპალურ საკუთრებაში გადავიდოდა, მაგრამ ეს ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა. ეს კი, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, „დეცენტრალიზაციის კუთხით სერიოზული მუხრუჭია სწორედ ქონებრივი საკითხების დეცენტრალიზაციის ასპექტში“.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით დღემდე გვაქვს პრობლემა – არ არის გამიჯნული ცენტრალურ ხელისუფლებასა და მუნიციპალიტეტებს შორის საკუთრებები. ეს მიწები, ძირითადად, ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაშია, ან დაურეგისტრირებელია. დაურეგისტრირებელი მიწები კი მაინც ცენტრალური ხელისუფლების გამოდის, რადგან ხშირია შემთხვევა, როცა მას ადგილობრივი თვითმმართველობა ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო ვერ ირეგისტრირებს.
ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც უნდა იყოს, ეს არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, მათ შორის, საძოვრების, მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა, იმიტომ, რომ ეს საკითხები ფუნქციურად გაცილებით ახლოს არის ადგილობრივ თვითმმართველობებთან და გაცილებით ეფექტიანი იქნება, მუნიციპალიტეტებმა რომ მართონ. ამავე დროს, ეს დაკავშირებულია ამ მიწების მართვასთან, მის მომხმარებელთან ურთიერთობასთან, გარკვეული საფასურის გადახდასთან, შემოსავლებთან და ა.შ. ამიტომ წარმოუდგენელია თბილისიდან ამის მართვა და საფრთხე და რისკები იმისა, რომ იმ ტიპის პრობლემები, რაც დღეს გვაქვს, კიდევ წარმოიშვას, საკმაოდ დიდია. ამიტომაც ექმნება ხოლმე პრობლემა სოფლის მოსახლეობას, როდესაც ტრადიციულ საძოვრებზე ერთ დღეს სიურპრიზები ხვდებათ,“ – ამბობს თენგიზ შერგელაშვილი.
მიუხედავად საკითხის მნიშვნელობისა და „თვითმმართველობის კოდექსით“ აღებული ვალდებულებისა, მის გადაჭრას ცენტრალური ხელისუფლება არ ჩქარობს. ხელისუფლებაში გვპირდებიან, რომ წლის ბოლომდე დეცენტრალიზაციის სტრატეგიას დაწერენ, რომელშიც, მათ შორის, თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემის საკითხებიც მოხვდება. სტრატეგია, როგორც პრემიერმა თქვა, 10 წელზე იქნება გათვლილი. შესაბამისად, დღემდე არავინ იცის, რეალურად, როდის დაიწყება ქონების გამიჯვნის, ანუ პრობლემის მოგვარების პროცესი. ამ საკითხზე არც ეკონომიკის სამინისტროში, არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში და არც მთავრობის ადმინისტრაციაში არავინ საუბრობს.