ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარიხევში გზა მოასფალტდა

1301

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღარიხევში, დეკანოსიძეების უბანში (მეორე ეტაპი) გზის 1 200 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გვერდულების მოწყობა. ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ღარიხევის გზის პირველი ეტაპის რეაბილიტაცია კი, გასულ წელს დასრულდა. სამშენებლო სამუშაოებზე 63 000 ლარი დაიხარჯა და 685 მეტრიანი მონაკვეთი მობეტონდა.

„წინასაარჩევნოდ, თქვენთან შეხვედრის დროს, დაგპირდით, რომ ღარიხევში და ქროლში გზების რეაბილიტაცია აუცილებლად განხორციელდებოდა. როგორც ხედავთ, დღეს, ღარიხევში პროექტი დასრულებულია, ხოლო ქროლის გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. ჩვენ ვმუშაობთ უკეთესი პირობების შესაქმნელად და სამი წლის განმავლობაში ხარაგაულის ყველა სოფელს ექნება ასეთივე მოწესრიგებული გზა.“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში სამუშაოების შემსრულებელი კომპანია სოფელ ქროლში დაიწყებს გზის (2 030 მეტრი) რეაბილიტაციას. 

გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

პროექტის ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა კი 5%-ია.