ოზურგეთის საკრებულომ შინაური ცხოველების – ძაღლისა და კატის ყოლის წესი დაამტკიცა. დადგენილების თანახმად, ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში, საბმელის ან ალიკაპის გარეშე ძაღლის ყოლა აკრძალულია. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
გარდა ამისა, ძაღლის ან/და კატის მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია:
ა) ძაღლი ან/და კატა იყოლიოს იზოლირებულ ტერიტორიაზე (ეზო, მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი) ან დაბმულ მდგომარეობაში ამავე ტერიტორიაზე ისე, რომ არ დაარღვიოს სანიტარიული ნორმები;
ბ) არ დაუშვას შინაური ცხოველის (ძაღლის/კატის) იზოლირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაშვება და დატოვება;
გ) არ დაუშვას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება.
ძაღლის მესაკუთრე ასევე ვალდებულია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლი გაუშვას ალიკაპით ან საბმელით.
ძაღლის სეირნობისას უზრუნველყოს გარშემომყოფთა უსაფრთხოება, არ დაუშვას მისი უმეთვალყურეოდ დატოვება. უზრუნველყოს ძაღლის/კატის ცოფზე აცრა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების თანახმად, აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლისა და 151-ე მუხლის შესაბამისად, რაც სხვადასხვა შემთხვევაში, 20-დან 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება დღეს, 13 აპრილს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.