ზესტაფონში, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და მერიის ყოფილი თანამშრომლები მერს დევნაში ადანაშაულებენ და მათ პარტიის ზესტაფონის ორგანიზაციის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრსაც მიმართეს და ზესტაფონში არსებული მდგომარეობით დაინტერესებისაკენ მოუწოდეს. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.
აქციის მონაწილეების განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მერს მიზეზების ახსნა მოსთხოვეს, კახაბერ მახათაძემ კი პასუხად განუცხადა, რომ ისინი მისი მხარდამჭერები არ არიან.
ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებულებმა სამსახურში დაბრუნების მიზნით სასამართლოს მიმართეს. ამ დროისათვის სასამართლოში 22 საქმეა შესული. 4 საქმე სასამართლომ უკვე განიხილა და მერიას გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენა დაავალა.
ზესტაფონის მერიამ სამი ადამიანი სამსახურში აღადგინა, ერთს კი დაბრუნებაზე უარი უთხრა. ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებული 29 პირის ინტერესებს ადვოკატი კახაბერ შავგულიძე იცავს. გათავისუფლებულთა მსგავსად, პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს უფლებადამცველიც.