„სიტი პარკის“ გენერალური მენეჯერი კახი კალაძეს ღია წერილით მიმართავს

654

კომპანია “სიტი პარკის” გენერალური მენეჯერი ბინიამინ ლაჰავი თბილისის მერს კახა კალაძეს ღია წერილით მიმართავს.

“ბატონო კახა, შევეცდები ნათლად აღვწერო ის ყველაფერი, რაც განხორციელდა უახლოეს წარსულში „სიტი პარკთან“ მიმართებაში. ასევე სურვილი მაქვს ეს გასაგები იყოს წერილის ყველა მკითხველისთვისაც.

თქვენი გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისისთვის პირველი კვირაა „სიტი პარკის“ გარეშე. პარკირების მართვა ქალაქის სატრანსპორტო კომპანიას დაეკისრა, რომელიც ოპერირებას გააგრძელებს იმავე წესებით, როლითაც აქამდე ხელმძღვანელობდა „სიტი პარკი“.

მინდა პირადად მოგილოცოთ, რადგან ეს არის თქვენი პირველი დიდი გამარჯვება ქალაქის მერის თანამდებობის დაკავების შემდეგ. თქვენი წინასაარჩევნო კამპანია, სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, ნამდვილად, გამორჩეული იყო, თქვენ არ აცხადებდით, რომ გამარჯვების შემთხვევაში „სიტი პარკს“ დაუფიქრებლად გააძევებდით ქვეყნიდან, უფრო მეტიც, ამბობდით, საჭიროა საკითხის ღრმად, სამართლებრივად შესწავლა და გადაწყვეტილების შესაბამისად მიღება.

დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ ესეც წინასაარჩევნო ფანდი ყოფილა. კომპანია „სიტი პარკთან“ მიმართებით ყველა მიმდინარე საკითხი აცდენილი იყო სამართლებრივ საფუძველს და არცერთი ჩვენი შემოთავაზება არ განხილულა თქვენი და თქვენი ჯგუფის მიერ. თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები მუდმივად ბრალს სდებდნენ „სიტი პარკს“ მოქალაქეების უფლებების დარღვევაში, საბოლოოდ კი, კონტრაქტი სრულიად სხვა მიზეზების გამო გაუწყვიტეთ: პარკირების არასრული დახაზვა და ნიშნების უზუსტობა/არქონა, ესეც ცრუ დასაბუთებით.

ბატონო კახა, ჩვენ ვიმედოვნებით, რომ წინამორბედი მერის, დავით ნარმანიას სამწუხარო პრაქტიკას არ გაიზიარებდით და თქვენ მაინც დაიწყებდით კომპანიასთან ღია კომუნიკაციას და თანამშრომლობას.

მესმის, ჩვენი კომპანია არავის უყვარს, და ხშირად გვბრალდებოდა ისეთი საკითხები, რაც ჩვენი მოვალეობა არასოდეს ყოფილა; შესაბამისად, ნამდვილად მომგებიანია „სითი პარკის“ თბილისიდან „გაგდებით“ მიღებული გმირის წოდება, თუმცა, თქვენ თანამედროვე პოლიტიკოსი ხართ, რომელიც უნდა აფასებდეს მართვის თანამედროვე სტანდარტებს, მათ შორის, პარკინგის მართვის სტანდარტსაც. აღნიშნული შეთავაზება „სიტი პარკმა“ 2007 წელს წარადგინა. მას შემდგომ ეს შეთავაზება რამდენჯერმე შეიცვალა სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომლებსაც იღებდნენ თბილისის მთავრობის წარმომადგენლები.

მიუხედავად თბილისის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც ჩვენთან გაუქმდა კონტრაქტი, ხოლო თქვენ დაარღვიეთ როგორც სახელშეკრულებო ვალდებულება, ისე მოქმედი კანონმდებლობა, ჩვენ მაინც ვიტოვებთ სამართლიანი სასამართლოს იმედს. ეს ჩვენს კომპანიას მისცემს საშუალებას დაამტკიცოს სიმართლე ადგილობრივ დონეზე. თუ საქართველო სასამართლო სისტემაში ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა, საქმეს გავიტანთ საერთაშორისო არბიტრაჟზე, სადაც „სიტი პარკი“ დაამტკიცებს , რომ კონტრაქტის შეწყვეტა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან კომპანია საკუთარ მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებდა.

და ბოლოს, მინდა გისურვოთ წარმატება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობაში, რაც თბილისის პარკინგია. იმედი მაქვს, რომ „სითი პარკისგან” განსხვავებით, მომავალი პარკინგის ოპერატორი სრულ მხარდაჭერას მიიღებს თბილისის მთავრობისგან. თავად ის ფაქტი, რომ თქვენ მონაწილეობა მიიღეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პარკინგის გუნდის წარდგენაში, რომელიც ოპერირებს იმავე წესებით და ნაწილობრივ იმავე თანამშრომლებით, რითიც „სიტი პარკი”, საუკეთესოდ ასახავს კონტრაქტის გაწყვეტას, როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ამჟამინდელი მთავრობისთვის რეალური პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ სახელი – „სიტი პარკია” – წერია წერილში.

10 აპრილს სიტი პარკი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ჩაანაცვლა.

კომპანია “სიტი პარკსა” და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 13 მარტს განაცხადა, რომ 10 აპრილიდან კომპანიას ხელშეკრულებას გაუწყვეტდა.

კომპანიის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მერიის მიერ ხელშეკრულების გაწყვეტას სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა, მერია, თავის მხრივ, აცხადებს, რომ “სიტი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის გამო, მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის, ვინაიდან ომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, პირობები დაარღვია და ამის გამო მას არაერთი გაფრთხილება მიეცა.