ორი წელია, კოოპერატივი “წიქარა” გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში მიტოვებული შენობების გამოსყიდვას, ან იჯარით აღებას ცდილობს. ადგილობრივი ფერმერები იქ ევროსტანდარტების შესაბამისი ფერმის მოწყობას გეგმავენ, თუმცა, უქმად მიტოვებული სახელმწიფო ქონების გამოსყიდვა ამ დრომდე ვერ შეძლეს. იმ იმედით, რომ სახელწიფო მიტოვებულ შენობებს ოდესმე მაინც გადასცემთ, ფერმერები მედიასთან საუბარს თავს არიდებენ. ამბობენ, რომ გორის მუნიციპალიტეტი მხარს უჭერთ, თუმცა, საინვესტიციო მიწის ნაკვეთს ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს და კანონით დადგენილი პროცედურების გავლას ელოდებიან.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ მიწის რეგისტრაციის სამართლებრივი პროცედურა ასეთია: თუ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული არ არის, მის რეგისტრაციას 2 თვე და ორი სამინისტროს ნებართვა სჭირდება. გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროების თანხმობის შემთხვევაში, საქმეში ექსპერტი ერთვება და მიწის ნაკვეთს აფასებს, რასაც საშუალოდ კიდევ ერთი თვე სჭირდება. შემდეგ საკრებულოს სხდომაზე უნდა გაიტანონ, რათა ქონება საპრივატიზაციო ნუსხაში ჩაისვას. თუ ეს ეტაპი წარმატებით გაიარეს, უძრავ ქონებას 15-დღიან ელექტრონულ აუქციონზე გაიტანენ. საბოლოო ჯამში, ამ პროცედურას 4-5 თვე სჭირდება.
საქმე უფრო რთულად არის, როდესაც ინვესტორისთვის საინტერესო უძრავი ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. დაინტერესებული პირი პრივატიზაციისთვის სამინისტროს სსიპ-ს, ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს. სააგენტო მხარის რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატში აგზავნის მოსაზრებას, გუბერნია კი ისევ მუნიციპალიტეტს უკავშირდება და ეკითხება, რაიმე გეგმები ხომ არ აქვთ კონკრკეტულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. შემდეგ მუნიციპალიტეტი გუბერნიას პასუხობს, გუბერნია – ეკონომიკის სამინისტროს, შემდეგ ქონების შეფასებისა და ყველა ის პროცედურა იწყება, რასაც მუნიციპალიტეტიც გადის.
უძრავი ქონება მუნიციპალიტეტების ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა და დაინტერესებული ინვესტორისთვის მისი მიყიდვა ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესშია. თუმცა, უმეტესწილად, თვითმმართველობებს მიწის ნაკვეთებზე არავითარი უფლება არ გააჩნიათ, რადგან ათი ათასობით მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია, როგორც არასასოფლო-სამეურნეო მიწები, ისე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახნავ-სათესები თუ საძოვრები. მათ შორის, მცირე ფართობიანი ნაკვეთები, რომელთა განვითარებაზე ზრუნვა ცენტრალური ხელისუფლების პრიორიტეტი არ არის. მათ განვითარებაზე ხელი არც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მიუწვდებათ, რადგან უძრავი ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.
ოფიციალური მონაცემებით, ეკონომიკის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით 102 674 მიწის ნაკვეთს ფლობს, რაც ჯამში 5 720 177 462 კვ.მეტრია.
ექსპერტი ირაკლი მელაშვილი მიიჩნევს, რომ მიწა იმ მუნიციპალიტეტის საკუთრება უნდა იყოს, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს. მისი აზრით, სოფლებში მიტოვებული პატარ-პატარა მიწის ნაკვეთების განვითარებაზე ზრუნვა სამინისტროს შენობაში მჯდომ მაღალჩინოსნებზე უკეთესად ადგილობრივ თვითმმართველობებს შეუძლიათ.
“მთავრობა უნდა იყოს დაკავებული მსხვილი ბიზნესპროექტებით. მცირე მიწის ნაკვეთების დანიშნულება არის ის, რომ ადგილობრივი მცირე ბიზნესი განვითარდეს. აქ არის 100 კვ.მ-მდე, 1000 კვ.მ-მდე ნაკვეთები. ეკონომიკის სამინისტრო ბუნებრივად ვერ შეძლებს ზრუნვას. წარმოუდგენელია რომ ერთ პატარა მიწის ნაკვეთზე, სადაც შეიძლება მცირე საწარმო ჩაიდგას, ზრუნავდეს ეკონომიკის სამინისტრო. ეს არის მუნიციპალიტეტის საქმე და ჩვენ რომ მრავალი წელია ვიძახით, რომ საქართველოში მცირე ბიზნესი ვერ ვითარდება, ერთ-ერთი მიზეზი არის ცენტრალიზება. წარმოიდგინეთ, მუნიციპალიტეტში მცირე საწარმო რომ გააკეთო, ან მაღაზია გახსნა, უნდა წახვიდე ეკონომიკის სამინისტროში და იქ უნდა მოძებნო მიწები. შემდეგ უნდა დაწერო საინვესტიციო წინადადება და ა.შ. თქვენ რომ ჩახვიდეთ ნებისმიერ ქალაქში, ნახავთ დანგრეულ შენობებს. ძველი კინოთეატრები, ადმინისტრაციული შენობები, გასტრონომები და ა.შ. ესენი ყველაფერი არის ეკონომიკის სამინისტროს განკარგვაში. ეს ყველაფერი ინგრევა. თქვენ წარმოიდგინეთ ჩინოვნიკი, რომელიც ზის სადღაც სამინისტროში, აქვს უზარმაზარი ცხრილი, სადაც ჩაყრილია ეს ობიექტები და კაციშვილი მისი მიმხედავი არ არის. ეს რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს, ან გაარემონტებდა, მერე გააქირავებდა. ან კინოდარბაზს, ან კაფეს მოაწყობდა. რაც უფრო ნაკლები შეფერხება იქნება, მით უფრო ადვილად განვითარდება რეგიონებში ეკონომიკა” – აცხადებს ირაკლი მელაშვილი.
იმ მიწის ნაკვეთების დასარეგისტრირებლადაც კი, რომლებიც არავის ეკუთვნის, მუნიცილიპალიტეტებს ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა სჭირდებათ. რეგისტრაციის რთული და ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცესი, შესაძლოა, სულაც იმით დამთავრდეს, რომ ნებართვის გაცემის ნაცვლად, მიწა ეკონომიკის სამინისტომ თავად დაირეგიტრიროს, ისე, როგორც ეს ქუთაისში მოხდა. ქალაქის თვითმმართველობის ინიციატივით მიტოვებული უძრავი ქონება აღწერეს. დასარეგისტრირებლად დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინიტროს გადაუგზავნეს. შედეგად, აღწერილი მიწების ნაწილი ეკონომიკის სამინისტრომ თავის ბალანსზე გააფორმა და ქალაქი კუთვნილი მიწის ნაკვეთების გარეშე დატოვა.
“ჩვენ რომ პირდაპირ ავდგეთ და ეს მიწები დავირეგისტრიროთ, ასე არ გამოდის. რეგულაცია ასეთია: ჯერ ნახაზი კეთდება, შემდეგ იგზავნება ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებში. იქიდან თუ მოდის თანხმობა, მერე იგზავნება ამ დასკვნებთან ერთად ეკონომიკის სამინისტროში და ეკონომიკის სამინისიტროს აქვს დრო, რომ მოგვწეროს დასაბუთებული უარი ან თანხმობა. თუ ეს ვადა გასულია და პასუხი არ გვაქვს, შეგვიძლია წავიდეთ და დავირეგისტრიროთ. ხანდახან არის შემთხვევები, რომ, სანამ ეს ვადა გაივლის, ეკონომიკა პირდაპირ თვითონ ირეგისტრირებს. არაფერი არ უშლის ხელს, რომ თავის ბალანსზე დაარეგისტრიროს.
ჩემი აზრით, ყველა ქონება, რომელიც არ არის კერძო საკუთრებაში და არ არის სახელმწიფო დანიშნულების, ეტაპობრივად უნდა გადმოეცეს მუნიციპალიტეტებს, მათ შორის ისეთი ქონება, რომელიც უკვე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. თუ პრივატიზებისთვის სჭირდება, სჯობს გადმოეცეს თვითმმართველობას და თვითმმართველობამ განკარგოს. შემოსავალი ცენტრალურ ბიუჯეტსაც სჭირდება და ჩვენც.
მართალია, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციიდან პროცენტი გვეკუთვნის, მაგრამ, თუ ჩვენ გავყიდით, 100% ჩვენია და ბუნებრივია, გვირჩევნია ჩვენ გავყიდოთ. ” – აცხადებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია.
გარდა ამისა, პრობლემაა თავად ქონების პრივატიზების საკითხიც. ექსპერტი ირაკლი მელაშვილი, მიიჩნევს, რომ პრივატიზების პროცესების ცენტრალიზება მუნიციპალიტეტების სწრაფ განვითარებას უშლის ხელს.
“პრივატიზაციის წესს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საინვესტიციო წინადადება უნდა იქნეს განხილული, მოწონებული, შეთანხმებული სხვა და სხვა დეპარტამენტებთან. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ გვყავს ისეთი ბიუროკრატია, რომ დღეში ერთ საინვესტიციო წინადადებას იხილავენ და გადაწყვეტილებას იღებენ, ამ მიწის ნაკვეთებისთვის პატრონის გამოჩენას 30 წელი და უფრო მეტი დროც დასჭირდება. ვიძახით, რომ სუსტი მუნიციპალიტეტები გვყავს, მაგრამ რა შემოსავალი აქვთ მათ, გადავხედოთ: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტისთვის გადასახადის გადამხდელი არ არის. სასოფლო-სამეურნეოში ნახეთ რა ხდება – 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები გათავისუფლებულია გადასახადებისგან. ანუ აქედანაც გადასახადი არ შედის მუნიციპალიტეტში. საძოვარი, სათიბი, ტყე, ყველაფერი ცენტრალურ ხელისუფლებაშია და იქიდანაც შემოსავალი არ აქვს. ამას ემატება ქონების გადასახადი, ფიზიკური პირებიდან 40 000 ლარამდე გათავისუფლებულია, ამაზე მეტი შემოსავალი კი 33 000-მა ფიზიკურმა პირმა აჩვენა საქართველოში. ანუ 99,9% ასევე გათავისუფლებულია გადასახადისგან. გარდა ამისა, მსხვილ საწარმოებს ქონების გადასახადის განსხვავებული განაკვეთი დაუდგინეს. ამითი ისევ მუნიციპალიტეტებს მოაკლეს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება, შეღავათები დააწესოს ბიზნესისთვის, მაგრამ
ჩვენი სახელმწიფო ყველა შეღავათს აწესებს მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველობის ხარჯზე. ეს არის ყველაზე ცუდი პოლიტიკა და ამის შემდეგ საუბარი, რომ მუნიციპალიტეტს შემოსავლები არ გააჩნია და სუსტია, მინიმუმ უხერხულია. საიდან იქნება ძლიერი თვითმმართველობა, თუ მთელი დასაბეგრი ბაზა, რაც გაქვს, მინიმუმამდე გაქვს დაყვანილი?“– აცხადებს ირაკლი მელაშვილი.