სოფელ იყალთოში საძოვრების შესაძლო გაყიდვა გააპროტესტეს

1391

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა სოფლის საძოვრების შესაძლო გაყიდვა გააპროტესტეს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

აქციაზე იყო ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ბოტკოველიც. მისი თქმით, სოფელ იყალთოში ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს კიკაბაურის ტერიტორიის გაყიდვა. მისივე მტკიცებით, მიწების გაყიდვაში თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულია დაინტერესებული. სამხარაული თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის სიძეა.

,,ეს ხალხი ხელისუფლებისგან მოტყუებულია, იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ხმა მისცეს. ერთადერთ არტერიას, სოფელს საძოვარს უყიდიან და მოსახლეობას ულუკმაპუროდ ტოვებენ. ყველაფერი კი ხდება ახმეტა-თელავის მაორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის ჩარევით. გაიყიდა რუისპირის მიწები ისე, რომ არავის არაფერი უთხრეს. რუისპირის გარდა, მიწებს ყიდიან სოფელ იყალთოშიც. გელა სამხარაულის უკან დგომით, ბიზნესმენი გელა რამაზაშვილი, რომელიც ,,ქართული ოცნების„ შემომწირველია, აპირებს ერთადერთი საძოვრის ყიდვას. ყველას პირობას ვაძლევ, რომ ერთ გოჯ მიწას არ დავუთმობთ გელა სამხარაულს’’, – თქვა გიორგი ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს სოფელ იყალთოს მოსახლეობის ნაწილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მივიდა და წარმომადგენლობით ორგანოს საძოვრების შესაძლო გაყიდვის საკითხის დღის წესრიგში შეტანა მოსთხოვა. ამის გამო მხარეებს შორის დაპირისპირება დაიწყო.