ვალეში ხეხილის ბაღებზე გაჭრილი გზა მშენებელ კომპანიას არ აღუდგენია

788

წინა სტატია

ვალეში ადგილობრივების ხეხილის ბაღებში, ორი კვირის წინ, მდინარეზე ნაპირსამაგრის მშენებლობისას, კომპანია „ბესტის“ გაჭრილი გზა, ამ დრომდე აღდგენილი არ არის. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ვალეში, კომპანიის მძიმე ტექნიკა, ხეხილის ბაღებში აღარ დადის. „ბესტის“ მანქანები, ბაღებიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ალტერნატიული გზით გადაადგილდებიან. თუმცა, კომპანიის დაპირება, რომ ბაღებში გაჭრილ გზას აღადგენდა, ამ დრომდე შეუსრულებელია.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ვალეში, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს, კომპანიის არცერთი თანამშრომელი არ დახვდა. მათ არც ჩვენ სატელეფონო ზარებს უპასუხეს. ახალციხის მერიაში კი ამბობენ, რომ კომპანია სამუშაოების დასრულებამდე გზას აუცილებლად აღადგენს.

„ჯერ კიდევ ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს და ვიდრე კომპანია წავა, გზას გააკეთებს“, – ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.

ნაპირსამაგრი სამუშაოები კომპანია „ბესტმა“, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე უნდა დაასრულოს. მას ახალციხის მერიის ტენდერი 227 076 ლარად აქვს მოგებული. „ბესტი“ გასული წლის ნოემბრიდან, მდინარის ნაპირზე ბაღებისა და ნათესების დატბორვისგან დასაცავად, გამაგრებით სამუშაოებს ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ვალეში მცხოვრებლებმა 26 მარტის დილას აღმოაჩინეს, რომ მათ ბაღში გზა გაუჭრიათ და ვაშლისა და ჭანჭურის ხეები დაუმტვრევიათ. კომპანიამ, რომელიც აქ ნაპირსამაგრ სამუშაოებს ასრულებს, ბაღებში სატვირთო მანქანები ისე შეიყვანა, რომ ადგილობრივები არ გაუფრთხილებია.