ზუგდიდის მერიას ტურისტების მოსაზდიდად იდეა აქვს

666

ზუგდიდის მერიის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად უკვე არსებული რესურსის გაუმჯობესება იგეგმება. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ზუგდიდის მერიის ცნობით, მათი მთავარი „სამიზნე“ ბოტანიკური ბაღია, რომლის რეკონსტრუქციაც მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, განახლებული ბაღი ვიზიტორებს შესთავაზებს საინტერესო სერვისს.

მერიაში ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტული ნაკლებად ცნობილი ადგილების პოპულარიზებაა: “ამ კუთხით უკვე დაიწყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ცაიშის მიმართულებით. ცაიში ბალნეოლოგიური კურორტია, რაც ტურისტულად ძალიან მნიშვნელოვანია. რუხის ციხესთან დაკავშირებითაც ვფიქრობთ სხვადასხვა საინტერესო აქტივობას“ – ამბობენ მერიაში.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ანაკლიაში წელს USAID-ის პროექტ ZRDA-სთან ერთად, ასევე გაიმართება ბიზნესფესტივალი „ანაკლიობა”, რომელმაც ხელი რეგიონში ტურიზმის და ბიზნესის განვითარებას, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია-რეალიზაციას უნდა შეუწყოს.

მერიის ცნობით, Check in Georgia-სთვის უმნიშვნელოვანესი რეგიონია სამეგრელო. ანაკლია-განმუხურის ტერიტორიას დიდი პოტენციალი აქვს, ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველი გახდეს. სწორედ ამიტომ „Black Sea Arena-ს“ მენეჯმენტი პროფესიონალების გუნდთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ანაკლიაში 2018 წლის ზაფხული საინტერესო და მიმზიდველი გახდეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები მუშაობენ ახალ ტურისტულ მარშრუტებზე, რომლებიც დღემდე სათანადო პოპულარობით ვერ სარგებლობს დამთვალიერებელში, შესაბამისი გზის, თუ ინფრასტრუქტურის არარსებობის მიზეზით. გუბერნატორმა ლევან შონიამ მერებს ჯერ კიდევ თებერვლის თვეში დაავალა ამ მიმართულებით საქმიანობის გააქტიურება.