რა დაავალა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მერებს

801

მიუხედავად იმისა, რომ გუბერნატორს მუნიციპალიტეტების მერებისთვის დავალებების მიცემის უფლება არ აქვს, ხოლო მათთან არსებული სამხარეო საბჭოები მხოლოდ საკონსულტაციო ორგანოებია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ მერებთან თათბირი ჩაატარა და დავალებებიც მისცა.

„ყველა პროექტი პირად კონტროლზე აიყვანეთ, სამუშაოები მაქსიმალურად მაღალხარისხიანად უნდა იყოს ჩატარებული. გთხოვთ, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია გქონდეთ ხალხთან, პირადად მიდით ყველა სოფელში, უბანში, რათა მაქსიმალურად გავიგოთ საჭიროებები და შემდეგ უკვე მათი გადაჭრის გზებზე ვიმუშაოთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა სოფელს ჰქონდეს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა: გზა, წყალი, ბუნებრივი აირი, ამ მხრივ ძალიან ბევრი გაკეთდა, თუმცა, მასშტაბური პრობლემებია და ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ამიტომაც გთხოვთ, რომ მაქსიმალურად შევისწავლოთ ყველა პრობლემა და საჭიროება, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ“, – განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

ლევან შონიამ მერებს, ტურისტული სეზონთან დაკავშირებით, დასუფთავების სამსახურების 24-საათიანი მუშაობაც დაავალა.

„ჩვენი რეგიონის ინტერესი ტურიტებში იზრდება. წელს სამეგრელო-ზემო სვანეთი ბევრად მეტ ტურისტს უმასპინძლებს, ვიდრე გასულ წლებში, ამიტომაც ყველა ტურისტულ მარშუტზე და ლოკაციაზე უნდა იყოს მაქსიმალური სისუფთავე. თუ საჭირო გახდება, მოახდინეთ დამატებითი მუშახელის მობილიზება და პირადად გააკონტროლეთ თქვენს მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება“, – დაავალა შონიამ არჩეულ მერებს.