ბათუმის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან შეკითხვები აქვთ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ნაციონალების ფრაქციის თავმჯდომარის მირდატ ქამადაძის განცხადებით, რეორგანიზაციის პროცესი გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს, მერიის თანამშრომლები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან და სამსახურის დაკარგვის მოლოდინი აქვთ.
“ბათუმის მერიაში დაანონსებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, დღემდე თანამშრომლები, რომლებმაც ორი კვირაა არ იციან რა ბედი ეწევათ, მერიისგან პასუხს ვერ იღებენ. ისინი მძიმე სტრესულ მდგომარეობაში არიან. მერიაში სრულ უმოქმედო სტრუქტურას ვხედავთ. გამოვიდეთ კაბინეტებიდან და ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ. ვითხოვთ მერიისგან განმარტებებს“, – აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.
ბათუმის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხს განიხილავენ, მათ შორისაა, ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის ტერიტორიის განსაზღვრა.