არარეგისტრირებული ნაკვეთის მფლობელები აგროდაზღვევით ვეღარ ისარგებლებენ

758

არარეგისტრირებული ნაკვეთების მფლობელები აგროდაზღვევის პროგრამით ვეღარ ისარგებლბენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

გასულ წლებში პროგრამაში მონაწილეობა ყველა ფერმერს, მათ შორის არარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მფლობელებსაც შეეძლოთ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახალი ინიციატივა გულისხმობს სავარგულების აუცილებელი წესით დარეგისტრირებას.

“აგროდაზღვევის პროექტით 2014-2017 წლებში დაზღვეული ფართობი 60 ათასამდე ჰექტარს შეადგენს და ჯამში დაზღვეულია 500 მილიონამდე ლარის მოსავალი. წლიდან წლამდე პროექტი საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით იხვეწება. მნიშვნელოვანი ზრდაა პროგრამაში ფერმერთა ჩართულობის მხრივ. ახალი ინიციატივა გულისხმობს სავარგულების აუცილებელი წესით დარეგისტრირებას. წინა წლებისგან განსხვავებით, პროგრამით ისარგებლებს მხოლოდ ის ფერმერი, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს. პარალელურად, მარტივდება რეგისტრაციის პროცესი, რომლითაც მეწარმეს და მცირე ფერმერს სურს, ისარგებლოს. ძალიან მნიშვნელოვანია მიწის რეგისტრაცია სავარგულების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის კუთხით”,  განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პროგრამის მენეჯერის განცხადებით, აგროდაზღვევის პროგრამაში წელს 8 სადაზღვევო კომპანია მონაწილეობს. ლევან დოლიძის ინფორმაციით, ბენეფიციარებს პროგრამაში ჩართვა მომავალი კვირის ბოლოდან შეეძლებათ.

“წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროექტის დასაფინანსებლად 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აგროდაზღვევის პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მოსავლის დაზღვევას სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან ყველა კულტურაზე – 70%-ით, ხოლო ვაზზე – 50%-ით. წელს პროგრამაში 8 სადაზღვევო კომპანია მონააწილეობს”- განუცხადა ლევან დოლიძემ.

აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.