“ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” – საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა აფხაზებს და ოსებს

943

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აფხაზებსა და ოსებს სთავაზობს. პრემიერის თქმით, ეს ინიციატივა ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე უალტერნატივო ნაბიჯია.

ინიციატივა, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.

“ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ღია განაცხადი, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო, აუცილებლად გაგრძელდება და ეს არის, მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, ჩვენი ურყევი კურსი, რომელიც თანმიმდევრულად გაგრძელდება. ეს არის ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ გამოწვევებს და, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესის გააქტიურებას”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის შემუშავებაში მთავრობასთან ერთად ჩართული იყო ასევე საპარლამენტო უმრავლესობაც, სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს:

I – გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;

პრემიერის თქმით, ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით, ვაჭრობასთან დამაკავშირებელი ინდივიდუალური და საერთო ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.

II – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდები, მათი განათლება და კეთილდღეობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ეს არის სწორედ ის თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს ერთად გაერთიანებულ საქართველოში და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მშენებლობის პროცესში”, – განმარტა პრემიერმა.

III – ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც, ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა, ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.

პრემიერმა მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს, აღნიშნულ ინიციატივაზე მაქსიმალურად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, ვინაიდან, ამ ინიციატივის განხორციელებისას, მოქალაქეების მაღალი ჩართულობა მნიშვნელოვანია. “ჩართულობის გარეშე ძალიან რთული იქნება ასეთი ფუნდამენტური ინიციატივების წარმატებით განხორციელება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.