საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის – „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI) ორგანიზებით, კვლევის – „საჯარო მომსახურების სფეროების ანალიზი დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ – პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევის ავტორები ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი პაველ სვიანევიჩი და პოლონეთის ქალაქების ასოციაციის ხელმძღვანელი, დოქტორი ტომას პოტკანსკი არიან.
როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ანგარიშის მიზანი ხელისუფლების მიერ ინიცირებული დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობაა.
ამისათვის კვლევის ავტორებმა შეისწავლეს არსებული დეცენტრალიზაციის სამართლებრივი, ფუნქციური და ფინანსური მდგომარეობა და აღნიშნულ ანალიზზე დაყრდნობით, შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც მთავრობას დეცენტრალიზაციის განხორციელების პროცესში დაეხმარება.
“მიმდინარე რეფორმას ჩვენ ვხედავთ, როგორც არსებული დეცენტრალიზაციის დონის გაღრმავების შესაძლებლობას, ხელისუფლების გაცნობიერებულ ძალისხმევას, რომლის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების ძალაუფლების გაძლიერება არსებული დეცენტრალიზაციის პირობებში, რათა მუნიციპალიტეტებმა თავიანთი ამოცანები მეტად ეფექტურად და ეფექტიანად განხორციელონ. ეს კი დაეხმარება ხელისუფლებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობას მიაწოდოს ხარიასხიანი მომსახურება, რაც გაზრდის მოქალაქეების კმაყოფილებასა და ნდობას ხელისუფლების მიმართ”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
კვლევა, ძირითადად, მოიცავს საჯარო მომსახურების იმ სფეროებს, რომლებიც, რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შესაძლოა, შემდგომ რეფორმირებას დაექვემდებაროს. ეს სფეროებია: ტრანსპორტი, განათლება, წყალმომარაგება და წყალარინება, მყარი ნარჩენების მართვა, სოციალური დაცვა, ჯანდაცვა, საცხოვრისით უზრუნველყოფა, სატყეო მომსახურება, გარემოს დაცვა, სახანძრო და ადგილობრივი სტატისტიკა.
კვლევა ასახავს, თუ როგორ უნდა მოხდეს მომსახურების გაწევის დროს არსებული პასუხისმგებლობების განაწილება, მიწოდების ორგანიზება და მომსახურების დაფარვა; როგორი უნდა იყოს დაფინანსების ფორმები (ფასწარმოქმნის პოლიტიკის ჩათვლით) და საკანონმდებლო ბაზა.
როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე საუბარი ჯერ კიდევ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისას დაიწყო. 2017 წლის ივნისში ხელისუფლებამ თქვა, რომ სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს. მოგვიანებით, პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან სამთავრობო პროგრამის – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020” წარდგენისას საზოგადოებას აცნობა, რომ სტრატეგიაზე მუშაობა იწყება. ითქვა ისიც, რომ სტრატეგიის პირველადი ვარიანტი 2018 წლის მარტისთვის გამოქვეყნდებოდა. შემუშავდა გარკვეული დოკუმენტიც, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს დაუკვეთა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ არც ეს დოკუმენტია საბოლოო. ამ დრომდე ხელისუფლებამ საზოგადოებას მხოლოდ თვითმმართველობის განვითარების ხედვა წარუდგინა და დაპირდა, რომ ზაფხულისთვის სტრატეგიის სამუშაო ვარიანტს გამოაქვეყნებს, საბოლოო დოკუმენტის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს ჩართავს, წლის ბოლოსთვის კი აღნიშნულ სტრატეგიას დაამტკიცებს.