პროექტი „ბათუმი ბარაკების გარეშე“ შესაძლოა, აღარ გაგრძელდეს

1008

„პროექტი „ბათუმი ბარაკების გარეშე“ შესაძლოა, აღარ გაგრძელდეს“. პროექტის მიზანი  ქალაქში ამორტიზებული, უსახური, ბარაკული ტიპის, საცხოვრებლად უვარგისი შენობების მრავალბინია საცხოვრებლებით ჩანაცვლება იყო. ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ნუგზარ ძნელაძემ თქვა. ინფორმაციას bpn.ge  ავრცელებს.

ნუგზარ ძნელაძის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი დოლარია და ბარაკების ნაცვლად, ახალი საცხოვრებლების აშენების პროცესში 10-მდე კომპანია ჩაერთო.

„პროექტი 2014 წლიდან აქტიურად განახლდა. 10-მდე კომპანიამ ისარგებლა. აქედან ორმა პროექტი დაასრულა, ერთი დასრულების სტადიაშია, დანარჩენები კი გრძელდება. მთლიანი დაფინანსება 20 მილიონი დოლარია, რომელიც მთლიანად ადგილობრივმა მთავრობამ გაიღო. თითოეული პროექტი თავდაპირველად 3 მილიონი დოლარის მოცულობის იყო, თუმცა განხორციელების პროცესში თანხები იცვლებოდა. ხელშეკრულების მიხედვით, თუ კომპანიას პრობლემა შეექმნებოდა, ანუ თანხები გაიზრდებოდა, ბანკი ვალდებულებას იღებდა და შემდეგ უკვე თანხის გამოსყიდვას ბანკისგან სახელმწიფო ახდენდა. აუცილებელი პირობა იყო, რომ სამშენებლო მოედანი 500 კვადრატულ მეტრზე მეტი, ხოლოდ ბარაკებში განთავსებული შენობების 70% ავარიული უნდა ყოფილიყო. ყველა შემთხვევაში ბარაკების თავიდან აშენება მოხდა და არა რეკონსტრუქცია“, – აცხადებს ნუგზარ ძნელაძე.

კითხვაზე, მომავალში გაგრძელდება თუ არა პროექტი, ამის შესახებ ნუგზარ ძნელაძეს ინფორმაცია არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ფინანსების ამოწურვის გამო, „ბათუმი ბარაკების გარეშე“ შეწყდეს.

„ბათუმი ბარაკების გარეშე“ 2008 წელს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განახლდა.